ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება
პროექტის მოკლე აღწერა:
საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა „დედაენის ბეჭდვის საიდუმლო“ შემუშავდა დედაენის დღის ღონისძიებისთვის და პროექტის ფარგლებში მოხდა მისი ადაპტირება სპეციალური საჭიროების მქონე პირთა ჯგუფებისთვის.
პროგრამა მოიცავს ორ ეტაპს:
I ეტაპი – გამოფენის დათვალიერება, ხანგრძლივობა 15-20 წუთი
II ეტაპი – საგანმანათლებლო აქტივობა “დაბეჭდე დედაენა”, ხანგრძლივობა 10-15 წუთი
I ეტაპი
აქტივობის აღწერა: დამთვალიერებლების გჯუფს კურატორი პირველ რიგში აცნობს ცენტრს და მისი დაარსების ისტორიას, შემდეგ ათვალიერებინებს მუდმივმოქმედ გამოფენას, მოკლედ მოუთხრობს ხელნაწერების შექმის ისტორიას. კურატორი ყურადღებას გაამახვილებს მხატვრობაზე, გაფორმებული ანბანის და ტექსტის მრავალფეროვნებაზე, რათა რაც შეიძლება მარტივი აღსაქმელი იყოს მნახველისთვის.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერი მემკვიდრეობის VII – XVIII საუკუნების ხელნაწერების მულაჟები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მეფე თამარის სახარებასა და “ვეფხისტყაოსნის” 3 ხელნაწერზე.
პროექტის მთავარ თემასთან კავშირში კი, საგანგებოდ ამ პროგრამისთვის გამოიფინება „დედაენის“ შექმნის ისტორიასთან დაკავშირებული, ი. გოგებაშვილის საარქივო მასალის ორიგინალები: დედაენის 1920 წლის სტამბური კლიშეები, ოსკარ შმერლინგის შექმნილი ილუსტრაციები, წერის ნიმუშები და პირველნაბეჭდი დედაენა.
აღნიშნული აქტივობით ახალგაზრდები მიიღებენ ახალ ინფორმაციას, გაეცნობიან ხელნაწერთა მათთვის აქამდე უცხო და საინტერესო სამყაროს, ქართული დამწერლობის სათავეებს.
II ეტაპი
აქტივობის აღწერა: საგამოფენო ექსპონატების დათვალიერების შემდეგ ჯგუფი გადაინაცვლებს საგანმანათლებლო აქტივობის სივრცეში, სადაც დახვდებათ დედაენის სტამბური კლიშეების 3 ასლი. კურატორები ჯერ საჩვენებლად დაბეჭდავენ დედაენის გვერდს: სამღებრო ლილვაკს ჩააწობენ ტუშში, გადაუსვამენ მულაჟს, შემდეგ ჯაგრისით კარგად გადაანაწილებენ ტუშს და დაადებენ ფურცელს, რომელზეც გადაიტანენ გვერდის ანაბეჭდს. ამის შემდეგ თითოეული ჯგუფის წევრი, საჭიროების შემთხვევაში კურატორის დახმარებით, თვითონ “დაბეჭდავს “დედაენას” (სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ სამივე ეგზემპლიარი დაამზადონ), რომელიც დარჩებათ როგორც სამახსოვრო საჩუქარი.
აქტივობის განხორციელებისას ვიზიტორები ეზიარებიან ბეჭდური წიგნის სათავეების ტექნოლოგიას, უშუალოდ შეეხებიან „დედაენის“ პირველი ბეჭდური ვერსიების გვერდებს, შედეგად კი მიიღებენ საკუთარი ხელით მომზადებულ „დედაენის“ ორ გვერდს. ამგვარი პრაქტიკული ჩართვა იქნება იმის საფუძველი, რომ ნანახი და მოსმენილი გაამყარებს ახალგაზრდების ცოდნას „დედაენის“ და წიგნის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით.
ტუშთან, სამღებრო ხელსაწყოებთან და მულაჟებთან შეხება საინტერესო იქნება მოზარდების სენსორული მოტორიკის განვითარებისათვის.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე მიიღებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან საჩუქრებს: ქართული ანბანის პოსტერს და ხელნაწერის ერადოვანი გვერდებით შექმნილ ღია ბარათს.
რესურსები:
ცენტრის საგამოფენო მასალა, შავი ტუში, სამღებრო ლილვაკი, ჯაგრისი, ვატმანის ქაღალდი, საკანცელარიო დაფის საშლელი ღრუბელი, სამედიცინო ხელთათმანი, ხელსახოცი.
პოსტსაექსკურსიო აქტივობა:
ვინიდან პროექტი შემეცნებითია არა მხოლოდ მასში ჩართული ახალგაზრდებისათვის, არამედ კონკრეტული სიძველეთსაცავის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის – შესაბამისი პროფილის თანამშრომელთათვისაც, სასურველია პროექტსის განხორციელებას ესწრებოდეს დარგის ფსიქოლოგი ან ექსპერტი.
ასეთის ჩართულობის შემთხვევაში, სასურველია, ცენტრის პროექტში ჩართულ თანამშრომლების გაეწიოთ კონსულტაცია: როგორ იყო დაგეგმილი პროექტი, როგორ განხორციელდა, რა იყო კარგი მიგნება, რას გაუწევდნენ რეკომენდაციას ცენტრის მიერ სხვა პროექტების დაგეგმვისას, რა საჭიროებს კორექტირებას და როგორ, რა შეცდომები იყო დაშვებული და სხვ.