„ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, ტ. I (დმანისის რაიონი)“

პროექტის დასახელება: „ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი, ტ. I (დმანისის რაიონი)“

დარგი და მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, ფილოლოგია, ტექსტოლოგია.

დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის ხელმძღვანელი:გიორგი ოთხმეზური

პროექტის შემსრულებლები: ალექსანდრე ბოშიშვილი, ელზა ხაინდრავა, ირინე მირიჯანაშვილი, შოთა მათითაშვილი, ნიკოლოზ ჟღენტი

 

გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები:  ქვემო ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი და ქართული კულტურის უძველესი კერაა. ქვემო ქართლი საქართველოს სამეფოსთვის მნიშვნელოვან გზაშესაყარს, სხვადასხვა კულტურათა შეხვედრის ადგილსა და „სამხრეთის კარიბჭეს“ წარმოადგენდა. იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს მხარე ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ერთიანი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო. ქვემო ქართლში საქართველოს ეკლესიის უძველესი ეპარქიები და საეკლესიო ცენტრები მდებარეობდა. ეს ყოველივე კი ამ მხარის განსაკუთრებულ კულტურულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას განაპირობებდა.

დმანისი ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრი იყო. აქ მიკვლეულია ქართული კულტურის უძველესი ძეგლები, მათ შორის დამწერლობის უძველესი ნიმუშები – V საუკუნე. დღეისათვის ცნობილია V-VII საუკუნეების 8 წარწერა დმანისის რაიონიდან (ნაგზაურას სტელა, V ს.; უკანგორის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკი (3 წარწერა), დამბლუტის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკი (2 წარწერა) – V-VI სს.; პანტიანის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკი და ბაშქიჩეთის სტელა – VII ს.). წარწერებში დაფიქსირებულია ქართული ქრისტიანული მოსახლეობის არსებობა და მათ მიერ ქრისტიანული სალოცავების მშენებლობა.

დმანისის რაიონის ეპიგრაფიკულ ძეგლებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ქვემო ქართლის ისტორიის შესწავლაში. ქვემო ქართლის ისტორიის გაშუქება და კვლევა ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, დაეხმარება ადგილზე მოსახლე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასა და კულტურულ დიალოგს.

ჩვენი ჯგუფის მიერ დმანისის რაიონში ჩატარდა წინასწარი სამუშაო წარწერების მოძიებისა და აღრიცხვის მიზნით. შედეგად დმანისის რაიონის 28 დასახლებულ პუნქტში 80-ზე მეტი წარწერა დაფიქსირდა. მათ შორის 10-მდე უცნობი წარწერა. აღნიშნული რეგიონის ეპიგრაფიკული ძეგლების რაოდენობა, ჩვენს ხელთ არსებული ცნობების მიხედვით, მომავალი კვლევა-ძიების შემთხვევაში რამდენიმე ათეულით მაინც გაიზრდება. მაგალითად, დმანისის ნაქალაქარის არქეოლოგიურ ბაზაზე დანამდვილებით ვიცით, რომ ინახება 10-ზე მეტი წარწერიანი სტელა, ხოლო დმანისის ეპიტაფიებიდან მხოლოდ 10 წარწერა არის გამოქვეყნებული, მაშინ როდესაც მათი რიცხვი ოცდაათს აღწევს. ამასთანავე დმანისის წარწერების რაოდენობა გაიზრდება თბილისის სიძველეთსაცავებში (ქვის ძეგლების ფონდები, ფოტოთეკები) დაცულ ეპიგრაფიკულ ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგად.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია დმანისის ხუროთმოძღვრული ძეგლების ანალიზი. დმანისის ეპიგრაფიკულ ძეგლებთან კონტექსტში განხილული იქნება დმანისის არქიტექტურული ძეგლები.

შესრულებული სამუშაოს საფუძველზე შედგება ქვემო ქართლის წარწერების კორპუსი (ტომი I, დმანისის რაიონი), სადაც მოცემული იქნება დმანისის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ეპიგრაფიკული ძეგლები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, კრიტიკულად დადგენილი ტექსტებით, ვრცელი არქეოგრაფიული აღწერილობით და დათარიღების კრიტერიუმების დასაბუთებით. ნაშრომის პირველ ნაწილში დმანისის ეპიგრაფიკული ძეგლების მონაცემთა შეჯერებით სხვა სახის წყაროებთან შეჯერებით წარმოჩენილი იქნება ფეოდალიზმის ხანის (V-XIX სს. დასაწყისი) დმანისის ისტორია, რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიის კონტექსტში.

 

ეტაპის შედეგები

შედგა საკითხის ირგვლივ არსებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით სრული ბიბლიოგრაფია; მათში დაცული ცნობების დამუშავება; პირველი ექსპედიცია დმანისის რაიონში.