ალექსანდრე ხახანაშვილი (1864-1912)
ალექსანდრე ხახანაშვილი (1864-1912)
ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1884) და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1889 წლიდან კითხულობდა ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ლაზარევის აღმოსავლურ ენების ინსტიტუტში, 1900 წლიდან კი – მოსკოვის უნივერსიტეტში. იყო სხვადასხვა სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მონაწილეობდა ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894; პარიზი 1897). შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი, ნაშრომი “ქართული სიტყვიერების ისტორია” (ტ. 1-4, 1895-1907), რითაც ქართული მწერლობის მონაპოვარი მსოფლიო სარბიელზე გაიტანა. ა. ხახანაშვილის ინიციატივით და მატერიალური დახმარებით მოსკოვში “ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება” ჩამოყალიბდა (1911).
ალექსანდრე ხახანაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1967 წლის 25 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 294).
ალექსანდრე ხახანაშვილის ფონდი 882 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) ფოტოები;
5) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი