აკაკი წერეთელი (1840-1915)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1863 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მონაწილეობდა “მამებისა” და “შვილების” ბრძოლაში. უდიდესი დამსახურება მიუძღვის “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მუშაობაში; ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის – “აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის – “ხუმარას”, რედაქტორი. იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. იღწვოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

 

აკაკი წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

 

აკაკი წერეთლის ფონდი 873 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი