პროექტი – „ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა”
2014 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამონაწილეობით დაიწყო პროექტი „ქართულ დასურათებულ ხელნაწერთა (IX-XIXსს.) გაფორმებაში ჩართული მინიატიურების მონაცემთა ბაზა“.
პროექტის მიზანია საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში დაცული IX-XIX საუკუნეების ქართული მოხატული ხელნაწერების კორპუსის საფუძველზე შეიქმნას ელექტრონული, ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მონაცემთა ბაზა რომლის ფარგლებშიც იწერება სპეციალური პროგრამა – on-line მონაცემთა ბაზა (EMSSQ-ს საფუძველზე), რომელიც ქართული მასალის მთლიანად დამუშავების საშუალება იქნება. ამ ბაზის არსებობა ძალიან აქტუალურია, ვინაიდან არ არსებობს ისეთი ნაშრომი, თუნდაც ალბომი, რომელშიც შეგვიძლია თვალი მივადევნოთ წიგნის მხატვრობაში ასახული ამა თუ იმ სიუჟეტის განვითარებას საუკუნეების განმავლობაში ან, დავინახოთ ის იკონოგრაფიული ცვლილებები, რომლებიც განიცადეს ცალკეულმა მხატვრულმა სკოლებმა. პრობლემის აქტულობას განსაზღვრავს ისიც, რომ საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში სპეციფიკურად ქართული მინიატიურული მხატვრობისთვის დამახასიათებელი ელემენტები არ არის შესული. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება ქართული მასალის მიწოდება უცხოელი მეცნიერებისთვის და საერთოდ, ინტერნეტში განთავსებული მონაცემთა ბაზა ყველა (როგორც ქართველი, ისე უცხოელი) დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
მოხატული ხელნაწერების ყველაზე დიდი კოლექცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და პროექტზე მუშაობის დაწყების დღიდან მიმდინარეობს მასალის მონაცემთა ბაზისთვის მომზადება.
პროექტის ფარგლებში მისი მონაწილეები 2014 წლის ივლისში მივლინებით იმყოფებოდნენ სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუში, სადაც დაცულია 5 უნიკალური მოხატული სახარება-ადიშის (897წ.), მესტიის (1033წ.), იენაშის (XIIIს.), ლაფსყალდის (XIIIს.) და ტვიბერის (X-XI ს.). ცენტრის დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უმაღლესი აპარატურით, კვალიფიციური დიგიტალიზატორის მიერ გადაღებულ იქნა მინიატიურები აღნიშნული სახარებებიდან.
30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სამუშაო ჯგუფი მივლინებით იმყოფებოდა ქუთაისშიც, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, სადაც მრავალი უნიკალური ხელნაწერია დაცული.
ამჟამად მიმდინარეობს მივლინებების შედეგად მოპოვებული მასალების დამუშავება და მონაცემთა ბაზისთვის მომზადება.