უცხოელი რესტავრატორების დასკვნა
28 ოქტომბერს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარზე, წინასწარი ანგარიში წარმოადგინეს, მოქვის სახარების რესტავრაციასთან დაკავშირებით ჩამოსულმა უცხოელმა რესტავრატორებმა.
უცხოელი ექსპერტები ანდრეა პატაკი (გერმანია), ანდრეა ჯოვანინი (შვეიცარია) და მაგდალენა ლიედტკე (გერმანია) ქართველ სპეციალისტებთან ერთად მოქვის სახარების მდგომარეობას 1 კვირის მანძილზე სწავლობდნენ.
დაკვირვებისა და მუშაობის ოფიციალურ შედეგებს რესტავრატორები 2 თვის ვადაში წარმოადგენენ.
მომზადდება მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა, სადაც შერჩეული იქნება ის მეთოდები, რომლითაც ჩატარდება საკონსერვაციო სამუშაოები, თუმცა მანამდე მათ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსა და ფართო საზოგადოებას დიაგნოსტიკის შედეგები წარუდგინეს. ექსპერტთა შეფასებით, ხელნაწერის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. ძირითადი საფრთხე ემუქრება მინიატურებს, საჭიროა მათი გამაგრება, კონსერვაცია და მთლიანად ხელნაწერის სტაბილიზაცია. ამ მიზნით აუცილებელია შემუშავდეს რამდენიმე წლიანი პროექტი. ჩასატარებელი იქნება მეტად რთული და შრომატევადი და სამუშაო, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ხელნაწერის დიგიტალიზაცია.
სამომავლოდ ხელნაწერის კონსერვაციის პროცესში უცხოელ რესტავრატორებთან ერთად ცენტრის სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ამრიგად მოქვის სახარების გადასარჩენად საქველმოქმედო კამპანია ისევ გრძელდება. დიაგნოსტიკის ოფიციალური შედეგების გაცნობის შემდეგ შემუშავდება სათანადო პროექტები, ჩატარდება კონკრეტული ღონისძიებები ხელნაწერის კონსერვაციის თანხების შესაგროვებლად.