საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები ბათუმში
2017 წლის 13 ივლისს 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია. წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ამ მასალის ფოტოასლები იხილა გამოფენაზე საზოგადოებამ. ასევე ვიზიტორებისთვის ლექცია წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური. გარდა ამისა პროფესიული კოლეჯის ,,ბლექსის“ მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შექმნილი ლოტოტრონი. ,,ბლექსიმ“ დამთვალიერებლებს შესთავაზა შემეცნებით-გასართობი თამაში ლოტოტრონის გამოყენებით: • დაასრულე აფორიზმი; • გამოიცანით მიხაი ზიჩის ილუსტრაციის სიუჟეტი; თამაშის წარმატებით დასრულებისას გამარჯვებულებს გადაეცემოდათ კოლეჯის IT მიმართულებისა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის სპეციალობის სტუდენტების მიერ კოლეჯის FAB LAB -ს ლაბორატორიაში სხვადასხვა თემატიკაზე (,,ვეფხისტყაოსანი“, ,,ევროპული ისტორიის ფურცლები“) დამზადებული სუვენირები. ასევე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო “ვეფხისტყაოსნის” ხელნაკეთი წიგნი, სადაც მსურველებს თავიანთი საყვარელი სტრიქონის ჩაწერის საშუალება ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა. 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გამოფენას ფოთი მასპინძლობდაა. 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით კი უფლისციხე. 20 აპრილიდან 30 აპრილამდე ბორჯომი, ხოლო 1 მაისიდან 15 მაისამდე ოზურგეთი.6 ივნისიდან 11 ივნისამდე ქუთაისი. თითოეულ ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა 13 ივლისიდან 20 ივლისამდე გაგრძელდება.