კორნელი კეკელიძე – 145
კორნელი კეკელიძე – 145
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერის, ქართული ფილოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, კორნელი კეკელიძის 145 წლისთავს.
დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ. მოხსენებები წაიკითხეს: ელგუჯა ხინთიბიძემ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი ქართული ლიტერატურის კათედრა): „ბალავარიანი“: ორი ქართული რედაქციის ურთიერთმიმართებისათვის; ეკა ჩიკვაიძემ (შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი): კიმენის საკითხის ხელახალი გააზრებისათვის; ანა ხარანაულმა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი): თარგმანის ხასიათი და ძველი ქართული თარგმანის ისტორიის ეტაპები; თამარ ოთხმეზურმა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი): შუა საუკუნეების ქართული ავტოგრაფული ხელნაწერები.
კონფერენციის დასრულების შემდგომ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა კორნელი კეკელიძის საარქივო მასალების გამოფენა, რომელიც ასახავდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული საარქივო მასალიდან 22 ერთეული, მათ შორის როგორც მეცნიერის ნაშრომების ავტოგრაფები და ფოტოები, ასევე მისი საბუთები სხვადასხვა სასწავლებლის დამთავრების შესახებ, მწერალთა კავშირის წიგნაკები, მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი, სიგელი და სხვა ჩანაწერები