ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით გამოცემული მონოგრაფიის „ისლამი თბილისში (VIII-XVIII სს.)“ წარდგენა. წიგნის ავტორია ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი – ხათუნა ბაინდურაშვილი, რედაქტორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მზია სურგულაძე, საგამომცემლო პროექტის კოორდინატორი – ისტორიის დოქტორი მანუჩარ გუნცაძე.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პროექტის კოორდინატორმა ისტორიის დოქტორმა მანუჩარ გუნცაძემ. წიგნის ავტორმა, ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ხათუნა ბაინდურაშვილმა, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშემ მეჰრი არდესტანიმ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის განყოფილების უფროსმა აპოლონ თაბუაშვილმა, ისტორიის დოქტორმა მიხეილ ქართველიშვილმა,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მირიან მახარაძემ.
ნაშრომი ეძღვნება თბილისში
ისლამისა და მუსლიმური თემის ისტორიას. წიგნში მკითხველი გაეცნობა: თბილისში ისლამის გავრცელების ეტაპებსა და აქ სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმური თემის გაჩენის პირობებს; მუსლიმური იურიდიულ-თეოლოგიური სკოლების – მაზჰაბების შემოტანისა და დამკვიდრების იდეოლოგიურ და პოლიტიკურ წანამძღვრებს; თბილისის მუსლიმი მოსახლეობის როლს ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე; ასევე ქართულ სოციუმში ისლამის გავრცელებისა და მუსლიმური ტენდენციების დამკვიდრების დინამიკას; ნაშრომში წარმოდგენილია იმ ქართულ-სპარსული დიპლომატიკური ძეგლების ანალიზი, რომლებიც მუსლიმურ გავლენებზე მიგვითითებენ. წიგნში ისლამმცოდნეობითი თვალსაზრისით პირველად არის შესწავლილი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები და ორიგინალური ანტიმუსლიმური პოლმიკური ნაშრომები.
ნაშრომი დახმარებას გაუწევს საქართველოსა და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობის ისტორიითა და ცივილიზაციათა დიალოგის შესწავლით დაინტერესებულ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ზოგადად, საქართველოსა და ისლამის ისტორიით დაინტერესებულ პირებს.