ვიზიტი ბულგარეთში
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტერში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „იოანე დამასკელის თხზულებათა ლოკალური რეცეფციები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადსამღვდელო სტეფანემ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ზაზა აბაშიძემ.
ზაზა აბაშიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიზანტიური კოლექციები“ და კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის მაია რაფავას მოხსენება “იოანე დამასკელის თხულებათა ქართული თარგმანები”.
მიტროპოლიტი სტეფანე და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი შეხვდნენ სოფიის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსს პოლიკარპეს და ბაჩკოვოს მონასტრის წინამძღვარს ეპისკოპოს სიონიუსს.
ბულგარეთში ვიზიტისას კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობაზე წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ბულგარეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ბიბლიოთეკას გადასცა ხელნაწერთა ეროცნული ცენტრის ახალი გამოცემები. თავის მხრივ ბულგარეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კრასიმირა ალექსანდროვამ ბ-ნ ზაზა აბაშიძეს გადასცა ბიბლიოთეკის გამოცემები, გააცნო იქ დაცული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონის ხელნაწერი და ოსმალური დოკუმენტები, რომლებშიც საქართველოზეა საუბარი. კრასიმირა ალექსანდროვამ ზაზა აბაშიძე მიიწვია 9 ნოემბერს ბიბლიოთეკაში დაგეგმილ საქართველოს „კუთხის“ გახსნაზე.
ხელმოწერის ცერემონიალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაესწრო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ქალბატონი თამარ ლილუაშვილი და საელჩოს თანამშრომელი კრასიმირა განჩევა.
ვიზიტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, აგრეთვე სოფიის კლიმენტ ოხრიდელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივან დუიჩევის სლავურ-ბიზანტიური კვლევების ცენტრთან. ცენტრის დირექტორმა პროფესორმა ვასია ველინოვამ მზადყოფნა გამოთქვა ქართველ კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებაზე ბიზანტიური ხელნაწერების კვლევის საქმეში.
ა.წ. ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილია ქართულ-ბულგარული ერთობლივი სამეცნიერო სემინარის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება მაქსიმე აღმსარებლის თხზულებათა ქართულ და სლავურ თარგმანებს