ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 64
30 ივნისი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა. მან ღონისძიების მონაწილეებს ცენტრის დაარსებისა და ქართული ხელნაწერის დღე მიულოცა და თანამშრომლებს ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაში მონაწილეობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მისალოცი წერილი გააცნო და მისი სახელით ცენტრის ღვაწლმოსილი მეცნიერები ნარგიზა გოგუაძე, ელენე მაჭავარიანი და ია გაჩეჩილაძე ილია აბულაძის მედლებით დააჯილდოვა.
სიმბოლურია, რომ ცნობილ ქართველ მეცნიერს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს, აკადემიკოს ზაზა ალექსიძეს კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ალექსიძეს, „ფრანგული რენესანსის“ საპატიო ჯილდოსთან ერთად, ოქროს მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგანაც მიენიჭა.
ზაზა ალექსიძის მეუღლეს მარინა ალექსიძეს საპატიო ჯილდოები საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, საერთაშორისო ასოციაცია „ფრანგული რენესანსის“ საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტმა მზაღო დოხტურიშვილმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა პირადად გადასცეს.