ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ კვლევათა ინსტიტუტში
სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ კვლევათა ინსტიტუტში (ქ.ერევანი) გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „აღმოსავლეთმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც მიეძღვნა ინსტიტუტის დაარსებიდან 50 წლისთავს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი ხათუნა გაფრინდაშვილი.
ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ ისაუბრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ აღმოსავლურ ფონდსა და აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების საქმიანობის შესახებ.
ხათუნა გაფრინდაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე „სვინაქსარის სტრუქტურა და თავისებურებანი“. მოხსენების მიზანი იყო სომხური სვინაქსარის სტრუქტურული განსხვავებების ჩვენება და ორიგინალური სომხური ნაწილის გამოვლენა.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სომხეთის აღმოსავლურ კვლევათა ინსტიტუტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მომავალ სამეცნიერო თანამშრომლობას, მათ შორის, ინფორმაციისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლა-გაზიარებას ისტორიულ-ფილოლოგიური და აღმოსავლეთმცოდნეობითი კვლევების სფეროში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ზაზა აბაშიძემ და სომხეთის აღმოსავლურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორმა რობერტ ღაზარიანმა.