ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – 65
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 65 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს 80-ზე მეტი მეცნიერი, მათ შორის 19 უცხოელი ქართველოლოგი და ბიზანტინისტი ევროპის 12 ქვეყნიდან.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მაია რაფავამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელით ნოდარ პაპუკაშვილმა ცენტრს გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საპატიო სიგელი. კონფერენციის გახსნისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკო ნიკოლოზიშვილმა, ცენტრს საჩუქრად გადასცა მის მიერ რუმინეთის არქივებში მიკვლეული ორი ქართული ხელნაწერის ციფრული ვერსია.
გერმანელმა მეცნიერმა ჰუბერტ კაუფჰოლდმა, ცენტრს საჩუქრად გადასცა მის პირად მფლობელობაში არსებული იულიუს ასფალგის არქივი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო მასალას შეიცავს.
ზაზა აბაშიძემ ცენტრის სახელით დიდი მადლობა გადაუხადა ნიკო ნიკოლოზიშვილს და ჰუბერტ კაუფჰოლდს ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, რომელიც, ნამდვილად გაამდიდრებს ცენტრის საარქივო ფონდს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა,‘‘ 30 ივნისის ჩათვლით იმუშავებს და ის ეძღვნება ორ მნიშვნელოვან თარიღს – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილეს და ათონის ქართველთა მონასტერის, ივირონის დაარსებიდან 1040 წლისთავს.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იუბილე და მასთან დაკავშირებული ღონისძიებები ემსახურება ქართული მეცნიერების მიღწევების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში.