ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიოს გეოგრაფია
Posted at h
in სიახლეები
ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ატლასის „ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიოს გეოგრაფია“ და ბოლო დროს გამოცემული წიგნების წარდგენა და გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა. მან დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გამოფენის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, ქართულ დიპლომატიას უდიდესი ისტორია აქვს და საქართველოს ამ კუთხით ბევრი აქვს საამაყო. მან ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატები ჩვენი ქვეყნის დესპანებს წარმოადგენენ, რომელთა ხელშეწყობით ხდება ქვეყნის გარეთ საქართველოს ისტორიისა და ფასეულობების შესახებ ცნობადობის ამაღლება.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და წარმოდგენილი გამოფენისა და წიგნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმრების წინაშე ასევე სიტყვით წარდგა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ყარალაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთისა და კორეის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოცემა „ვახუშტი ბაგრატიონის მსოფლიოს გეოგრაფია“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ ფარგლებში მომზადდა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ატლასი საინტერესოა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და დიპლომატიური ურთიერთობების თვალსაზრისით. მას ერთვის სამი შესავალი, როგორც ისტორიული, ასევე გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური აქცენტებით.
გამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა ცენტრის მიერ 2022 წელს დაბეჭდილ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული შინაარსის ისეთ წიგნებს როგორებიცაა: სვინაქსარი, სერგი გორგაძის თხზულებანი II, პირადი არქივის აღწერილობა (ვაჟა-ფშაველა) VI ტომი, ქრისტიანულ-არქეოლოგიური ძიებანი, მრავალთავი.
ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ცენტრში დაცული, 1752 წელს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი უნიკალური ხელნაწერის „მსოფლიოს გეოგრაფიის“ მულაჟი და ატლასში შემავალი ოცდაშვიდივე რუკის ფოტო ასლები.
აღსანიშნავია, რომ ქართული დიპლომატიის დღე ევროპაში პირველი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის, ვახუშტის ერთ-ერთი აღმზრდელის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს აღინიშნება.