ქართული ხელნაწერების გამოფენა საქართველოს პარლამენტში

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ჩართულობით საქართველოს პარლამენტში ქართული ხელნაწერების ასლების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია გაიხსნა.

ექსპონატები საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებულ სივრცეში განთავსდა.

განახლებული სივრცე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვართან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან ერთად დაათვალიერა.

გამოფენაზე წარმოდგენილია: ვახტანგ VI-ის „ქიმია“, ვახუშტი ბატონიშვილის “მსოფლიოს გეოგრაფია”, მარიამ დედოფლისეული “ქართლის ცხოვრება”, სულხან-საბა ორბელიანის “ლექსიკონი ქართული”, “ვეფხისტყაოსნის” სამი უნიკალური ნუსხა (იმერეთის მეფე სოლომონ I-ის კუთვნილი, ე.წ. “წერეთლისეული”, მეფე გიორგი XI-ის დაკვეთით შექმნილი, ე.წ. “ბეგთაბეგისეული” და ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ე.წ. “ავალიშვილისეული”), ტბელ აბუსერისძის ასტრონომიური ნაშრომი; ასევე, გამორჩეული ძველნაბეჭდი წიგნები და პერიოდული გამოცემები: “დედა ენა”, “ბუნების კარი”, “საქართველოს მოამბე” და “ივერია”.

მულაჟების ავტორია კალიგრაფი დავით მაისურაძე (საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი).
მულაჟები აკინძა, კაპტალები შექმნა და ყდებით შემოსა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის მკინძველ-რესტავრატორმა ინგა ბასილაძემ.

პროექტი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინიციატივით განხორციელდა.