საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული ხელნაწერი” მასალების კრებული

დაიბეჭდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ”ქართული ხელნაწერი” მასალების კრებული.
საზაფხულო სკოლა “ქართული ხელნაწერი” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმატებული პროექტია, რომელიც ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია, ლუვენ-ლა-ნევი) თანამონაწილეობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით წლების მანძილზე ხორციელდება და მიზნად ისახავს ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზებას, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას, კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე
მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელებას. სკოლის პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანია, მოიცავს ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს.
სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს თავისი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას უზიარებენ ქართველოლოგიის დარგში ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე, უცხოელი მკვლევრები. მნიშვნელოვანია, რომ სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა სამი თაობა, რაც წლების განმავლობაში ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევაში დაგროვილი ცოდნის უწყვეტობის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს.
ლექტორების მიერ სკოლის ფარგლებში წაკითხული სალექციო მასალა კრებულის პირველ ნააწილში ხუთი სასწავლო მოდულის მიხედვით არის განაწილებული: 1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მისი კოლექციები, 2. ქართული დამწერლობა, 3. ქართული ხელნაწერი, 4. ქართული ისტორიული დოკუმენტი და 5. ქართული ძველნაბეჭდი წიგნი.
მოდულის შინაარსი ითვალისწინებს როგორც სალექციო კურსის, ისე პრაქტიკული მეცადინეობების (ინტერაქტიული პროგრამა “როგორ ვიცავთ ხელნაწერ მემკვიდრეობას”, კალიგრაფიის, დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის, ასევე, დიგიტალიზაციის ვორქშოფები) სასწავლო მასალას, რომელიც წარმოდგენილია ვრცელი ორენოვანი
ანოტაციების სახით. ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი.