საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა და კრებული

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ ხორციელდება ლუვენის უნივერსიტეტთან (ბელგია) თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი № MG-ISE-19-203).

პროექტის მიზანია ხარისხიანი ჰუმანიტარული ქართველოლოგიური, განსაკუთრებით კი, ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული ცოდნის აკუმულირება, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში სასარგებლო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობა.

საზაფხულო სკოლა წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა თაობების მიერ აკუმულირებული ცოდნის გადაცემის ეფექტურ საშუალებას.

პროექტის ბეჭდვითი და ელექტრონული პროდუქცია

სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური პროგრამა და  სკოლის ლექციების მასალების კრებული, რომელიც მნიშვნელოვან სასწავლო-საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს. კრებულში სასწავლო მასალა წარმოდგენილია ვრცელი ორენოვანი ანოტაციების სახით, ანოტაციებს ახლავს ილუსტრაციები და საკითხთან დაკავშირებული ძირითადი ლიტერატურის ჩამონათვალი.