ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა (გიორგი მთაწმინდელის რედაქციის „მარხვანი“)
პროექტის სახელწოდება: ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა (გიორგი მთაწმინდელის რედაქციის „მარხვანი“)
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ჰიმნოგრაფია, ტექსტოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ხაჩიძე
პროექტის შემსრულებლები: მაია რაფავა, ნანა ჩიკვატია, თამაზ კოჭლამაზაშვილი, ლიანა ახობაძე, ეკა კვირკველია.
პროექტის უცხოელი კონსულტანტი: ქართველოლოგი ბერნარ უტიე.
პროექტის აღწერა:
2017-2020 წლებში განხორციელებული სამეცნიერო პროექტი მიზნად ისახავდა უნიკალური ჰიმნოგრაფიული კრებულის – გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანის აკადემიური ტექსტის გამოსაცემად მომზადებას ყველა უძველესი ქართული ხელნაწერის მიხედვით. გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანის ტექსტი აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა და პირველად ამ პროექტით მოხდა მისი აკადემიური გამოცემის მომზადება.
გიორგი მთაწმინდელის რედაქციის მარხვანის გამოცემას საფუძვლად დაედო ავტოგრაფული მნიშვნელობის ხელნაწერი Paris 5, რომელიც დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და XI საუკუნით თარიღდება. მასში დაცული ტექსტი გამოირჩევა სისრულით და საგალობლებთან ავტორთა მითითებების სიზუსტით, შეიცავს გიორგი მთაწმინდელის ანდერძებს და ყველა ნიშნით წარმოადგენს ავტოგრაფული მნიშვნელობის მარხვანს. ხელნაწერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევისათვის, რადგან მასში გამოვლინდა X საუკუნის I ნახევარში სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ჰიმნოგრაფის – იოანე მინჩხის 77 უცნობი საგალობელი.
აკადემიური გამოცემის ვარიანტებში ასახულია გიორგი მთაწმინდელის რედაქციის „მარხვანის“ შემცველი XI-XV საუკუნეებით დათარიღებული 7 სხვა ქართული ხელნაწერის ჩვენებები: Ath. 38 (XII-XIII სს.), A-568 (XII ს.), Jer. 130 (XI–XIII სს.), Jer. 61 (XII- XIII სს.), Jer. 67 (XII ს.), Jer. 141 (XIII-XV სს.) და Jer. 56 (XII-XIII სს.).
პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ კიდევ ერთი ათონური კოლექციის ხელნაწერი – Ath. 59, რომელიც ასევე „მარხვანის“ შემცველია, არ წარმოადგეს გიორგი მთაწმინდელის რედაქციას. ამიტომ საჭირო გახდა მისი ცალკე ტექსტად გადმოწერა.
პროექტზე მუშაობისას გიორგი მთაწმინდელის რედაქციის ტექსტი შედარდა წინადროინდელ ქართულ თარგმანებს, კერძოდ, Sin. 5, Sin 75 ხელნაწერებს, ასევე, ძველ იადგარებსა და ლექციონარებს. გარდა ამისა, მომზადდა მიმოხილვითი კვლევა, განზოგადდა ხელნაწერების ტექსტებზე მუშაობის შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნები. კვლევის ძირითადი შედეგები გამოიცა სტატიის სახით საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“ (http://sjani.ge/sjani-21/xachidze.pdf).