ევროპის მემკვიდრეობის დღეები – 2020
ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 2 და 3 ოქტომბერს აღინიშნა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“. პროგრამაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიც ჩაერთო კომპლექსური პროექტით “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”.
ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა:
2 ოქტომბერს ჩატარდა ინტერაქტიული პროგრამა – მიხაი ზიჩის “ვეფხისტყაოსანი” ჩემი ფერებით, რომელშიც ქართულ-გერმანული სკოლა „სხივის“ II კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებს ჩაუტარდათ მოკლე ლექცია ხელნაწერებისა და ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების შესახებ, ასევე გააფერადეს მიხაი ზიჩის ილუსტრაციების ორიგინალების მიხედვით მომზადებული კონტურები.
ონლაინგამოფენა: “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”, რომელიც დაათვალიერეს „ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას“ წევრებმა და მათმა მოსწავლეებმა. ექსპოზიცია იხილა 40-ზე მეტმა მასწავლებელმა და 500-მდე მოსწავლემ. გამოფენა გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაალ აბაშიძემ. აუდიტორიას შეხვედრის დეტალები გააცნო ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელმა, მანანა შეყილაძემ, ხოლო ონლაინექსკურსიას უძღვებოდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელი, ნესტან ბაგაური. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ხელნაწერების ორიგინალები, მაგალითად: პაპირუსის უძველესი ფრაგმენტები – ჰომეროსის „ილიადა“, „ოდისეა“, ჰეროდოტეს „ისტორია“, იერუსალიმში შექმნილი XII საუკუნის ხელნაწერი ჯვაროსანი რაინდებისა და მათი ოჯახების მოსახსენებლები, სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” და სხვა.
3 ოქტომბერს კი ჩატარდა ონლაინექსკურსია, რომელშიც 20-მდე ქვეყნის (კანადა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, კვიპროსი, ჰოლანდია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბერძნეთი, რუსეთის ფედერაცია და სხვ.) ემიგრანტი ახალგაზრდა, მათი მშობლები და საკვირაო სკოლების მასწავლებლები იყვნენ ჩართულები. ექსკურსია ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” მხარდაჭერით განხორციელდა.
ხოლო ამავე დღეს “წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლის„ მოსწავლეებისათვის ჩატარდა კიდევ ერთი ონლაინექსკურსია, სადაც პატარებმა მოისმინეს ქრისტეს შობამდე III საუკუნეში შექმნილი ჰომეროსის ნაწარმოებების პაპირუსზე შექმნილი ფრაგმენტებიs ისტორია, ქართველებისა და ჯვაროსნების თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთობის საკითხები და სხვა