ოსმალური ნარატიული წყაროები 1578 წელს ქართლის დაპყრობის შესახებ
XVI საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ირანის წინააღმდეგ განახლებულ ომში ოსმალეთისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქართული სამეფო-სამთავროების დამორჩილებას, რაზეც მეტყველებს ოსმალო ჟამთააღმწერების მიერ გამოვლენილი ინტერესი ამ პერიოდში მიმდინარე დაპყრობითი ომების მიმართ.
1578 წელს ლალა მუსტაფა ფაშას ქართლში ლაშქრობას აღწერს არაერთი ოსმალო ისტორიკოსი: გელიბოლუელი მუსტაფა ალი, მუნეჯიმ-ბაში, აბუბექრ ბინ ანდულაჰი, იბრაჰიმ ფეშევი, მუსტაფა სელანიქი და სხვ. მათ რიგებში დგება ასაფი დალ მეჰმედ ჩელებიც, რომლის თხზულება „შეჯაყათ-ნამე“ (წიგნი სიმამაცისა) ქართული ისტორიოგრაფიისთვის დღემდე უცნობი იყო. იგი მრავალმხრივ საინტერესო, რამდენადმე განსხვავებულ ცნობებს იძლევა ოსმალთაგან ქართლის დაპყრობის შესახებ: 1. ოსმალო სარდლის ოზდემიროღლუ ოსმან ფაშას მიერ თბილისის დასაპყრობად გამართულ თათბირზე მიღებული გადაწყვეტილება და მისი სისრულეში მოყვანა 2. ოსმან ფაშას თბილისში შესვლის ზუსტი თარიღი 3. 77 მინიატურით საომარ ქმედებათა ცხოვლად წარმოჩენა; 4. მონეტის მოჭრა სულთან მურად III-ის სახელით.
ჩვენთვის კარგად ცნობილ და ახლახან გამოვლენილ ოსმალურ წერილობით წყაროებში ფიქსირებული ფაქტების შეჯერებისა და მათში მოცემული მინიატურების შედარების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო დეტალი, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ცოდნას 1578 წელს ქართლში მიმდინარე ისტორიულ პროცესებთან დაკავშირებით.