წიგნის წარდგენა
წიგნის წარდგენა
26 თებერვალს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა წიგნის, “დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ (ნაწილი I)” პრეზენტაცია.
ღონისძიება გახსნა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ისტორიკოსმა, თეა ქართველიშვილმა. მან აღნიშნული გამოცემის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
წიგნში “დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ” წარმოდგენილია მეფეების: გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, ბაგრატ-ხანის, სიმონ-ხანის, თეიმურაზ I-ის ქრონოლოგიურად დალაგებული საისტორიო საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები. ტექსტები გამართულია აკადემიური სტანდარტით, ერთვის სათანადო სამეცნიერო აპარატი. წყაროებს დართული აქვს კომენტარები.
დოკუმენტური წყაროები უხვ ცნობებს გვაწვდის მოცემულ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მათ საფუძველზე გამოვლინდა არაერთი უცნობი ფაქტი.
წიგნის ავტორები: ქართველიშვილი თეა, ბაინდურაშვილი ხათუნა, გელაშვილი ირაკლი, გოგოლაძე თამაზ, შაორშაძე მაია, ჯოჯუა თემო.
რედაქტორი: მზია სურგულაძე