ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
ცხადდება კონკურსი სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ჩატარების წესი
მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო
- წინამდებარე წესი განსაზღვრავს, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსების (შემდგომში – კონკურსი) ჩატარებისა და კანდიდატების შერჩევის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის (შემდგომში – საკონკურსო კომისია) საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების საკითხებს, ასევე, კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- კონკურსის ამ წესის მიზნებისთვის არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან, რომელიც ტარდება გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2. კონკურსის მიზანი და ამოცანები
- კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა.
- კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
მუხლი 3. კონკურსის გამოცხადება
- ცენტრის მიერ კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.
- კონკურსი ცხადდება ცენტრის ელექტრონულ ვებგვერდზე (manuscript.ge). შესაძლებელია კონკურსის პირობების საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნას სხვა ელექტრონული საშუალებები.
მუხლი 4. საკონკურსო განაცხადების მიღება
კონკურსში მონაწილე პირთა განაცხადები თანდართული დოკუმენტაციით წარედგინება ცენტრის საქმისწარმოების სამსახურს 2020 წლის 11 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით 12:00 სთ-დან 17:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. N1/3.
მუხლი 5. დაწესებულების უფლება მოვალეობანი
- ცენტრი უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ცენტრი ვალდებულია, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა გონივრული ვადა ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად.
- კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის.
- ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
- კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს თითოეულ კანდიდატს.
მუხლი 6. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი
- კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ, უნდა მოხდეს დადგენილ ვადაში. კანდიდატი ვალდებულია ცენტრს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
- კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება ცენტრის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
- კანდიდატს უფლება აქვს, ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არა უმეტეს 2 ვაკანსიაზე.
მუხლი 7. კონკურსის ჩატარების ფორმა და პირობები
- კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.
- კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) განცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება.
- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კანდიდატთა შერჩევისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას წერითი დავალება ან ტესტური შეფასების მეთოდი.
მუხლი 8. საკონკურსო კომისიის საქმიანობა
- საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
- საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
- საკონკურსო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით.
- საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე და საკონკურსო კომისიის დამსწრე წევრები. საკონკურსო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
- საკონკურსო კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
- კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
- საკონკურსო კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
- საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე ან საკონკურსო კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო ცენტრის დირექტორს – საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ ინფორმაციას.
სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- განცხადებების გადარჩევა
- გასაუბრება
საბუთების მიღება იწაროებს 2020 წლის 11 მარტიდან და 2020 წლის 24 მარტის ჩათვლით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრის საქმისწარმოების სამსახურში მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1/3
გასაუბრება ჩატარდება: 2020 წლის 30-31 მარტს, 14:00 საათზე.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 7 აპრილისა.
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ ცენტრში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით).
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
- გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა);
- ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის;
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა);
- კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც ცალკეული მიმართულების (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, წყაროთმცოდნეობა-დიპლომატიკა, არქივმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა, ბიბლიოგრაფია-ლექსიკოლოგია), ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას. (აღნიშნული კონცეფციის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრებათ, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად);
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).