საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება დაიწყო

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება დაიწყო

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა

აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე

(ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)

25-31 მაისი, 2020

თბილისი, საქართველო

2020 წლის 25-31 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: “აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები).“

პროექტი ხორციელდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2019 წლის საგრანტო კონკურსის” ფარგლებში.

სკოლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.

 

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში; 4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სასწავლო მოდულების ფარგლებში სკოლა მსმენელებს სთავაზობს: ლექციებს (ადგილობრივი და გასვლითი), დისკუსიებს (პანელურ და მრგვალი მაგიდის ფორმატში), გამოფენას (ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერი წიგნების, საისტორიო დოკუმენტების, კარტოგრაფიული და საარქივო მასალის საფუძველზე). სკოლის ლოგიკური დასრულებაა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციები.

სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები და მოწვეული სპეციალისტები (ქართველი და უცხოელი).

სკოლის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ქართველ, აფხაზ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

 

მონაწილეობის მსურველები შეირჩევიან საკონკურსო პირობების საფუძველზე.

პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 აპრილამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge.. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2020 წლის 27 აპრილისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

 

პატივისცემით,

სკოლის გუნდი

 

E-mail: abkhazia.school@manuscript.ge

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მ. ალექსიძის 1/3

0193, თბილისი, საქართველო

www.manuscript.ge

info@manuscript.ac.ge

საკონტაქტო პირი:

დოქტ. ირინა გოგონაია

პროექტის კოორდინატორი

სასწავლო და სასერთიფიკატო პროექტების სამსახურის უფროსი

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ტელ.: 577 79 54 54

E-mail: irinagogonaia@manuscript.ge