„ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“
„ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“
24 ოქტომბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გიმართა წიგნის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ წარდგენა. გამოცემა მიეძღვნა წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის 120 წლის იუბილეს. ნაშრომი წარმოადგენს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც ცალკე თავებად დაიბეჭდა ევროპის სამეცნიერო ჟურნალებში 1926-1930 წლებში. ნაშრომები გერმანული და ფრანგული ენებიდან თარგმნეს თამარ ჭუმბურიძემ და ცისანა ბიბილეიშვილმა. ღონისძიება გახსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს გრიგოლ ფერაძის ძმისშვილებმა რომანოზ და ილიკო ფერაძეებმა ფილოლოგრმა დამანა მელიქიშვილმა, წიგნის რედაქტორმა ანა ხარანაულმა. გამოცემა დღეიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაღაზიებში გაიყიდება. გამოცემის ახალ რედაქციაში მოცემულია გრიგოლ ფერაძის მოკლე ბიოგრაფია და იმ ნაშრომების მიმოხილვა, რომლებიც შეეხება ბერმონაზვნობის დასაწყისს საქართველოში, ათონის მთის ივირონის მონასტრის ქართველი ბერების ლიტერატურულ საქმიანობას და სხვა. გრიგოლ ფერაძე 20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული თეოლოგი და ქართველოლოგი იყო. ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, მან დაარსა პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, მას ეკუთვნის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. გრიგოლ ფერაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობდა და იკვლევდა საქართველოს ეკლესიასთან და სასულიერო მწერლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, იძიებდა და შეისწავლიდა ქართულ ხელნაწერებს, ბიბლიის ქართულ თარგმანებს, ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტურგიკის პრობლემებს. მისი სადისერტაციო ნაშრომის მიზანი იყო ქართული წყაროების მიხედვით წარმოედგინა ბერმონაზვნობის ისტორია და ბერის ქართული ტიპი. ამისათვის მეცნიერმა განიხილა ბერმონაზვნობა და მის განვითარებაში სამ პერიოდი გამოყო: სირიული, პალესტინური და ათონური.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2670420169681031