წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია

21 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეშვიდე საერთაშორისო საღვთისმეტყველო-სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. პირველი სესია ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სხდომა გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. მოსხენებები წაიკითხეს პეტრე მალკოვმა ( წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტი) თემაზე ღირსი მაქსიმე აღმსარებლის სწავლება ვ.ნ. ლოსკის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობაში, ვლადიმერ ცვეტკოვიჩმა ( ბელგრადის უნივერსიტეტი ) – ხუთი განყოფის გადალახვის ლიტურგიკული ასპექტი წმ. მაქსიმე აღმსარებელთან. კონფერენციის ფარგლებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აქ დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს. ნესტან ბაგაურმა (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო განყოფილების ხელმძღვანელი) კონფერენციის მონაწილეებს ქართული და უცხოური ხელნაწერების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი. კონფერენციის მიზანია მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების და მოღვაწეობის წარმოჩენა, რომლის წმინდა ნაწილები საქართველოში, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში ინახება. კონფერენციის მეორე სესია 22 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2663810253675356