ნუგზარ პაპუაშვილი – ჯაყელები კონსტანტინოპოლში და ბაგრატიონები ბერლინში

ნუგზარ პაპუაშვილი

 

ჯაყელები კონსტანტინოპოლში და ბაგრატიონები ბერლინში

გერმანიაში მოძიებული მასალების მიხედვით და მივლინებათა ანგარიშის მაგიერ

2003 წლიდან სხვადასხვა გერმანული ფონდისა და ქველმოქმედი ადამიანების დახმარებით ვაწყობ მოკლევადიან სამეცნიერო-შემოქმედებით მივლინებებს ძველ საუნივერსიტეტო ქალაქებში – ტიუბინგენსა და მიუნხენში. ამ მივლინებების დროს ძველნაბეჭდ წიგნებსა და ახალი ეპოქის სამეცნიერო ლიტერატურაში გამოვავლინე ქართველოლოგიაში დღემდე შეუმჩნეველი, ანდა თითქმის შეუმჩნეველი მასალები; მოვიძიე სხვადასხვა შინაარსისა და წარმომავლობის საარქივო წერილობითი დოკუმენტები ქართულ, გერმანულ, რუსულ და დასავლეთ ევროპის სხვა ენებზე, აგრეთვე – ზეპირსიტყვიერი გადმოცემები ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარსულიდან. ამ ფორმატში შესრულებული სამუშაოს შედეგი არის ჩემი რამდენიმე პუბლიკაცია ქართულ და გერმანულ ენებზე. ამჯერად ყურადღებას ბოლო მივლინების შედეგებსა და მეცნიერულ ასპექტებზე გავამახვილებ.

2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე მიუნხენის Ludwig-Maximilian-ის უნივერსიტეტის პროფესორის, Hubert Kaufhold-ის, მიწვევითა და ვიურტემბერგელი მეწარმის – Hermann Glaser-ის საქველმოქმედო ღვაწლის წყალობით შესაძლებლობა მქონდა მემუშავა  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. პროგრამა შემდეგი ამოცანების შესრულებას ითვალისწინებდა:

  1. ჩემ მიერ ქართულ და გერმანულ ენებზე მომზადებული და ცალ-ცალკე 2018 წელს თბილისში გამოცემული მონოგრაფიის – „ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ისტორიიდან საქართველოში: წინაისტორია და ისტორია“ // „Aus der Geschichte der evangelisch-lutherischen Kirche in Georgien: Vorgeschichte und Geschichte“ – პრეზენტაციების მოწყობას;
  2. გერმანიის ქართული დიასპორის ძველი თაობის წარმომადგენელთა ოჯახებში დაცული საისტორიო-წერილობითი დოკუმენტებისა და ზეპირსიტყვიერი მასალების გამოსავლენად მუშაობის გაგრძელებას;
  • სხვადასხვა აქტივობას ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისათვის.

აქ წარმოვადგენ მუშაობის შედეგთა იმ ნაწილს, რასაც, ჩემი შეფასებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სამეცნიერო და კულტუროლოგიური, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

I. პრეზენტაციები. მოეწყო ორი პრეზენტაცია. გერმანული ვარიანტი წარდგენილ იქნა ტიუბინგების უნივერსიტეტში 2018 წლის 13 დეკემბერს, ქართული ვარიანტი კი მიუნხენის ქართულ ეკლესიაში 2019 წლის 20 იანვარს (გერმანიის ქართული სათვისტომოს ეგიდით). აღნიშნული გამოცემები შეაფასეს: ტიუბინგენში – ევანგელური თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორებმა Hermann Lichtenberger-მა და Reinhold Rieger-მა, მიუნხენში – წმ. ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინამძღვარმა დეკ. თამაზ ლომიძემ, დოქტორანტმა მირიან გამრეკელაშვილმა და სათვისტომოს თავმჯდომარემ დოქტ. ლერი დათაშვილმა. ჩემს მოხსენებებში ყურადღება გავამახვილე ევანგელურ-ლუთერანული რეფორმაციის კულტურულ კავშირებზე საქართველოსთან (გვიან შუა საუკუნეებსა და ახალ ეპოქაში).

მთავარი სიახლე, რაც შეიძლება გამოიყოს სხვა სიახლეებისაგან, არის შემდეგი: აქ თავმოყრილია და ერთმანეთის მიყოლებით წარმოდგენილი მე-16 საუკუნის ხუთი გერმანელი ავტორის ის ტექსტები, რომლებიც საქართველოს შეეხება. ეს ტექსტები, რომლებიც დაწერილია საშუალ გერმანულსა და ლათინურ ენებზე, ჩვენს მონოგრაფიაში მოცემულია თარგმანებთან ერთად ახალ გერმანულ და ახალ ქართულ ენებზე. იქვეა მიმოხილვები და ვიზუალური მასალები (ქართული ვარიანტი – გვ. 32-66; გერმანული ვარიანტი – გვ. 38-79). როგორც მკვლევართა, ისე რიგით მკითხველთა ცხოველ ინტერესს იწვევს ვიურტემბერგელი თეოლოგის, დიპლომატისა და ლუთერანი მისიონერის Salomon Schweigger-ის (1551-1622) მიერ ქართული ანბანის 1579 წელს კონსტანტინოპოლში ფიქსაციისა და 1608 წელს ნიურნბერგში მისი სტამბურად გამოქვეყნების ფაქტი. საზოგადოების დიდ ნაწილში მყარადაა გამჯდარი აზრი, რომ ქართული ანბანი პირველად 1629 წელს, რომში დაისტამბა. აღნიშნული ავტორის პუბლიკაცია გვარწმუნებს, რომ ეს 21 წლით ადრე (1608 წელს) მოხდა, რაც ძმები ჯაყელების: ყვარყვარესა და მანუჩარის, 1579 წელს, კონსტანტინოპოლში ვიზიტის კულტურულ შედეგად უნდა შეირაცხოს. ამავე ვიზიტის კულტურული შედეგია ლუთერანთა ერთ-ერთი ფუძემდებლური ტრაქტატის, აუგსბურგის აღსარების, ქართულად თარგმნა, რაზეც სალომონ შვაიგერის გარდა  ვენცესლავ ბუდოვიცი და მარტინ კრუსიუსი (ქართული ვარიანტი – გვ. 38-66; გერმანული ვარიანტი – გვ. 66-79) გვაუწყებენ, თუმცა ამ თარგმანის ტექსტი ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის.

მონოგრაფია მკითხველთა ფართო წრეს შესაძლებლობას სთავაზობს გაეცნოს გერმანულენოვან წყაროებს გერმანელების საქართველოში ჩამოსახლების, განსახლებისა და დამკვიდრების თაობაზე ვრცელი მიმოხილვებითურთ (გვ. 86-141 ქართულ ვარიანტში; გვ. 104-170 გერმანულ ვარიანტში). სინანულით უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოგვრჩა ქრონოლოგიის თვალსაზრისით პირველი წყარო: გერმანელი ექიმის, ბუნებისმეტყველებისა და მოგზაურის ედუარდ აიხვალდის (1795-1876) ცნობები თბილისისა და მარიენფელდის (სართიჭალის) გერმანული ახალშენების შესახებ. შდრ.: Reise auf dem caspischen Meere und in den Kaukasus, Unternommen in den Jahren 1825-1826 von Dr. Eduard Eichwald, Erster Band mit Kupfern, Stuttgart 1837, S. 364-367, 381, 435-436. ეს ნაკლი მით უფრო თვალსაჩინოა, რომ მოგვეპოვება ამავე თხზულების ჩვენთვის საინტერესო ადგილების ქართული თარგმანი: ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ (XIX საუკუნის პირველი მეოთხედი), გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა, თბილისი, 2005, გვ. 248-251, 262,301-303. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გამოცემა კორექტურის, ტექნიკური თუ სხვა ხასიათის შეცდომებისაგან თავისუფალი არ არის. ეს უფრო ქართულ ვარიანტში იგრძნობა. აქ, მაგალითად, რატომღაც ამოვარდნილია ნომრის აღმნიშვნელი სიმბოლო – №.

მკითხველები (განსაკუთრებით, გერმანელები) დიდ ინტერესს იჩენენ მონოგრაფიის დანართის მიმართ: „კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და მისი მეუღლე ოტილია-ნინო თომას-ცინცაძე (მე-2 გადამუშავებული და შევსებული გამოცემა)“. აქ, ამ ნარკვევში, პირველად არის ყურადღება გამახვილებული კალისტრატე ცინცაძის ოჯახზე, მის გერმანელ მეუღლესა და შვილებზე, განსაკუთრებით, – ექვსიდან ასაკით მეორე შვილზე, ნინო ცინცაძე ყარალაშვილისაზე, რომელიც 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. გერმანელთა საქართველოდან დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ აგრეთვე კალისტრატე ცინცაძის რძალი, შვილიშვილის, – გიორგი ყარალაშვილის, მეუღლე ნორა პფეფერი და ნორას მამა, პედაგოგი და კულტურტრეგერი გუსტავ პფეფერი მის მთელ ოჯახთან ერთად, აგრეთვე მისი უწმინდესობის ცოლისდა – მატილდა ტომასი მცირეწლოვან ქალიშვილთან, სონიასთან, ერთად. სამწუხაროდ მონოგრაფიის ამ მონაკვეთშიც გაგვეპარა უზუსტობა: ვამბობთ, ქალბატონ ოტილია-ნინოს „დაკრძალვის ზუსტი ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის“-ო (გვ. 172 ქართულ ვარიანტში, გვ. 206 – გერმანულში). არადა ამ პუბლიკაციის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა (ქ-ნ ნიცა ხუციშვილის მეშვეობით), რომ კალისტრატე ცინცაძის მეუღლე ვერის სასაფლაოზე განისვენებს. დაგეგმილი გვაქვს, ამ საკითხს კვლავ დავუბრუნდეთ.

II. ხელნაწერი მემკვიდრეობის მოძიება. აღნიშნულმა ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი. ამ არქივის მფლობელი დღეს არის კონსტანტინე გიორგის ძე მაღალოვი (Konstantin Magalow in Chieming-Ising), ცხენოსნობის სკოლის (Reitschule Gut Ising) მეპატრონე. მისი თანხმობით ჩვენმა თანამემამულეებმა, ნატა რუსიაშვილმა და ირაკლი ჯინჯოლავამ (ამჯერად იეროდიაკონმა), შექმნეს აღნიშნული არქივის დოკუმენტების ნაწილის დიგიტალიზებული ვერსიები და ქსეროასლები, რომლებიც მე 2017 წლის ზაფხულში და 2018 წლის დეკემბერში მოვიპოვე და საქართველოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გადასაცემად ჩამოვიტანე. ამჯერად ყურადღებას 2018 წელს ქალბატონ ნატა რუსიაშვილის დახმარებით მოპოვებულ მასალაზე გავამახვილებ:

1) საქართველოს სამეფოს გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან  1942 წლამდე. ამ დოკუმენტის დედანი (ხელნაწერი), სავარაუდოდ, შექმნილია ბერლინში და იქვეა ლითოგრაფიად დაბეჭდილი. ამდენად, ჩვენს ხელთაა დედნის სტამბური ანაბეჭდის ეგზემპლარი; დედანი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც აღნიშნულ პირს დედნის მნიშვნელობა აქვს. ტაბულის ავტორი და, შესაძლებელია, მხატვარ-გამფორმებელიც, დიდი ალბათობით, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბაგრატიონ-მუხრანელების შთამომავალი, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, კავშირ „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და „ქართული ეროვნული კომიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი – სვიმონ არჩილის ძე ციციშვილია (1886-1973).

დოკუმენტის ბეჭდური ტექსტი წარმოდგენილია მოყვითალო ქაღალდზე, რომლის ცენტრში ბუნდოვნად ჩანს რამდენიმე ჭვირნიშანი. ქაღალდის ზომა არის 35,5 X 24. გენეალოგია წარმოადგენს რთულ გეომეტრიულ კომპოზიციას: ნაწერი ოთხივე მხრიდან შემოსაზღვრულია წვრილი შავი ხაზით; ზედა და მარჯვენა მხარეს განლაგებულია ტექსტები: ზევით – სამსტრიქონიანი, მარჯვნივ – ორსტრიქონიანი. ზედა ტექსტი ასრულებს სათაურის ფუნქციას, რაც რეალურად მოწოდებაა. გვერდითი ტექსტი კომენტარის შინაარსს შეიცავს. ტაბულის ტექსტში არის რამდენიმე ორნამენტული შიდა ხაზი: შავი, მწვანე და წითელი. ხელწერა არის კალიგრაფიული; გამოირჩევა ორი ხელი: ერთი – ძირითადი (უცნობი პირის), მეორე  მინაწერი სვიმონ ციციშვილისაა. ეგზემპლარი კარგად არის შენახული.

დოკუმენტი იწყება მოწოდებით: „პოლიტიკური გამჭრიახობისა და თადარიგისათვის“, რასაც მოსდევს ინფორმაცია: „- სრულიად საქართველოს სამეფო ტახტისათვის მემკვიდრის ასარჩევად დასახელებულია 2 კანდიდატი: 1 – თავადი ირაკლი მუხრან-ბატონიშვილი როგორც ბაგრატიონი. 2 – შერჩევით, დამსახურებით და მოდგმით თავადი სვიმონი ციციშვილი, მეცნიერი, ინჟინერი ნავთო-გეოლოგი -“. მარჯვენა მხარეს (აშიაზე) ვკითხულობთ: „ჩვენი მიზანია: – სრულიად საქართველოს სამეფოს აღდგენა „ქართულ ეროვნულ სოციალისტურ საფუძველზედ“ და ერთგული მეგობრობა და თანამშრომლობა დიდებულ-ძლიერ გერმანიასთან. –“.

ტაბულის შიდა ცარიელ სივრცეში მოთავსებულია მინაწერი, რომელიც დასათაურებულია „მოწოდება“-დ და რომელსაც „თავადი სვიმონ ციციშვილი“ აწერს ხელს. მასში აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენისათვის. ესაა ავტოგრაფი, ჩაწერილი ძირითადი ტექსტის ცენტრში დამრეცად (მარჯნიდან მარცხნივ) მუქი ფერით, კურსივით:

 

 

მოწოდება.

  • ამ ჟამად მთავარი მიზანია ქართველი ერის გადარჩენა განადგურებისაგან; ამისათვის საჭიროა ყველა ქართული ძალების გაერთიანება, შეკუმშვა და ერთ პიროვნებაში გამოსახვა. მოგიწოდებთ ჩემს მეგობრებს, მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს, ყოველი კუთხის ქართველს – მხარი დაუჭირეთ და მორჩილება გამოუცხადეთ თდ ირაკლი ბაგრატიონს ბატონიშვილს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქართველი ერის და მისი წარმომადგენლობის წინაშე. მოგიწოდებთ დაცული იყოს სრული მორჩილება, ერთგულობა და თავდადება.-

 

„საქართველო უწინარეს ყოვლისა“

 

თდი სვიმონ ციციშვილი (ხელრთვით, ნ. პ.)

ბერლინი

25/v-1942

ჩვენ ხელთ მყოფი ეგზემპლარი სხვა მინაწერსაც შეიცავს. ესაა მინაწერი ძირითად ტექსტსა და „მოწოდება“-ს შორის ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეგზემპლარში ანაბეჭდის გარდა გვხვდება მინაწერი უბრალო ფანქრით: „საიდუმლოდ.“, რომელიც, ხელწერის მიხედვით (მაგალითად, „უ“-ს ერთნაირად მოხაზვა), ამავე მოწოდების ხელისმომწერს, სვიმონ ციციშვილს, უნდა ეკუთვნოდეს.

მთავარი ინფორმაცია, რომელსაც ეს დოკუმენტი გვთავაზობს, არის შემდეგი: 1942 წლის 25 მაისის ახლო ხანს ბერლინში, თურმე, მიმდინარეობდა კამპანია ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების აღსადგენად.

ჩვენთვის, შესაბამისი ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არსებობს ამავე დოკუმენტის სხვა ეგზემპლარი და შინაარსით მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტებიც. ისინი პირველად გამოაქვეყნა ლალი ცომაიამ 1990 წელს სათაურით „საქართველო უწინარეს ყოვლისა“ („სამშობლო“, VI, № 12, გვ. 6). პუბლიკაციებს (ფოტოასლებს) ახლავს მიმოხილვა, რომლის თანახმად ეს დოკუმენტები ინახება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის სპეცფონდში, – ცნობილი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის შალვა ამირეჯიბის არქივში. ლაპარაკია სამ დოკუმენტზე, რომელთაგან პირველი არის ზემოთ განხილული ტაბულა. დანარჩენი ორი დოკუმენტი შეიცავს ორი სხვადასხვა კრების დამსწრეთა სიებს, რომლებიც წარმოდგენილია სასტუმრო Adlon Hotel-ის ბლანკიან ფურცლებზე. ლალი ცომაიას დაკვირვებით, ამ ფურცლებზე „ქართველ ემიგრანტთა სიებია ჩამოწერილი (რამდენიმე გვარი ორივე სიაშია მოხსენიებული) სამი სხვადასხვა კალიგრაფიით“. მეორე სიას მოსდევს შალვა ამირეჯიბის მინაწერი: „ეს სია შედგენილია 1942 წლის ნოემბერში, ვიდრე ბატონიშვილი ირაკლი პარიზში წაბრძანდებოდა, როგორც „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც უნდა დაარსებულიყო ბერლინში. ამის გამო მოხდა ორი კრება. შ. ა.“.

მართალია, სიებს თარიღი არ ახლავს, მაგრამ აშკარაა, რომ შალვა ამირეჯიბის ავტოგრაფული მინაწერის შემცველი სია არის ქრონოლოგიურად მეორე და ის, როგორც ვხედავთ, „შედგენილია 1942 წლის ნოემბერში“. პირველი სია ასახავს პირველი კრების შემადგენლობას, – კრებისას, რომელიც, სვიმონ ციციშვილის ავტოგრაფის თანახმად, იმავე წლის მაისში უნდა შემდგარიყო.

ხსენებული კამპანიის სრულყოფილად შესწავლისათვის, ვფიქრობთ, სასურველია ორივე სიის შემცველი დოკუმენტების აქაც, წინამდებარე მიმოხილვის ფორმატშიც, წარმოჩენა ლალი ცომაიას პუბლიკაციაზე დაყრდნობით:

პირველი სიის დოკუმენტი:

Adlon Hotel                                                                     Berlin  (W8)?

Eigentümer Louis Adlon                                             Unter den Linden

Am Brandenburger Tor

Fernruf: … Telegramme: Adlon Berlin

კომიტეტი:

პრეზიდენტი სპ. კედია.

შ. ამირეჯიბი.

ზ. ავალიშვილი.

ი. ბაგრატიონ – მუხრან-ბატონიშვილი.

გენ. გ. კვინიტაძე.

მდივანი რ. ივანიცკი-ინგილო.

საბჭო:

ვლ. ახმეტელი.

მიხ. წერეთელი.

ლ. კერესელიძე

დ. ვაჩნაძე.

კ. ჩხენკელი.

ა. ასათიანი.

გრ. რობაქიძე.

შ. მაღლაკელიძე.

მეორე სიის დოკუმენტი:

Adlon-Hotel

Eigentümer Louis Adlon

Fernruf: …  Telegramme: Adlon Berlin   Berlin W 8   Unter den Linden Am Brandenburger Tor

თ. შ. ამირეჯიბი

გ. რობაქიძე

მ. ანანიაშვილი

გ. ჟურული

ალ. მარჯანიშვილი

ა. ზურაბიშვილი

გ. მაღლაკელიძე

მ. გოცირიძე

ზ. ტუღუში

ა. მეტრეველი

შ. მაღლაკელიძე

შ. სულხანიშვილი

ვ. ანდრონიკაშვილი

ა. აბხაზი.

დ. ვაჩნაძე.

რ. გაბაშვილი.

ეს სია შედგენილია 1942 წლის ნოემბერში, ვიდრე ბატონიშვილი ირაკლი პარიზში წაბრძანდებოდა, როგორც „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც უნდა დაარსებულიყო ბერლინში. ამის გამო მოხდა ორი კრება.

შ. ა.

გენეალოგიური ტაბულის ამირეჯიბისეულ ეგზემპლარს ლალი ცომაია  „ხელნაწერის ასლს“ უწოდებს და გვთავაზობს მისი ტექსტის თხრობითი ადგილების ციტირებას; აღნიშნავს, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის არჩევის დროს ბერლინში სვიმონ ციციშვილს მოუხსნია თავისი კანდიდატურა ირაკლი ბატონიშვილის სასარგებლოდ. „ეს ფურცელი, ცხრა ნაწილად დაკეცილი, როგორც მის მეორე მხარეზე დაწერილ მისამართიდან ჩანს, ფოსტით გაუგზავნიათ შალვა ამირეჯიბისათვის ბერლინშივე, პარიზერშტრასეს პირველ ნომერში“. ამ სტრიქონების ავტორი ფიქრობს, რომ „ასლზე“ (resp. ეგზემპლარზე, ნ. პ.) ფანქრით მიწერილი სიტყვა „საიდუმლოდ“ შალვა ამირეჯიბს ეკუთვნის. ამ საკითხზე ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, რაც ეფუძნება ორ ფაქტს: 1)  ფანქრისეული და ანაბეჭდისეული მინაწერების პალეოგრაფიულ იდენტობას (იხ. ზემოთ) და 2) იგივე ფანქრისეული მინაწერის გიორგი მაღალაშვილის ეგზემპლარზეც არსებობას. აქედან, ვფიქრობთ, აშკარა უნდა იყოს, რომ სიტყვა „საიდუმლოდ.“ ორივე ეგზემპლარში ჩაწერილია ერთი და იმავე პიროვნების მიერ. ეს პიროვნება არის სვიმონ ციციშვილი (იხ. ზემოთ), – აღნიშნული პოლიტიკური ინიციატივის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელმაც ფანქრისეული მინაწერის მეშვეობით ორივე ადრესატს (სავარაუდოდ, – სხვებსაც; იხ. ქვემოთ: სპირიდონ ჭავჭავაძის ჩვენება) მოცემული ტაბულის გაუვრცელებლობა და  საიდუმლოდ შენახვა სთხოვა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობი მოტივისა და მოსაზრების გამო.

არსებობს სამივე დოკუმენტის მეორე პუბლიკაცია, შესრულებული იმავე მკვლევრის – ლალი ცომაიას მიერ: შალვა ამირეჯიბი (1886-1943), წიგნი მეორე, შემდგენელი ლალი ცომაია, თბილისი, 1998, გვ. 252-254. აქ დოკუმენტების განლაგების ქრონოლოგიური პრინციპი დარღვეულია: პირველად წარმოდგენილია მეორე სიის შემცველი დოკუმენტი, რომელსაც მოსდევს ქრონოლოგიით პირველი სია, ბოლოს კი – ტაბულა. ამ პუბლიკაციის თვალშისაცემი თავისებურება გახლავთ ის, რომ მასში არ ჩანს მინაწერი „საიდუმლოდ.“, რაც გასაკვირია. და ეს მით უფრო, რომ ამ პუბლიკაციისა და პირველი პუბლიკაციის დედანი ერთი და იგივეა, – ტაბულის ამირეჯიბისეული ეგზემპლარი.

ჩვენთვის ცნობილია აღნიშნული ტაბულის კიდევ ორი პუბლიკაცია. პირველი გვხვდება ნაშრომში, რომლის ტიტული ასე იკითხება: „აზნაური ვალერიან კიკნაძე, საქართველოს თავად-აზნაურთა თელავის საკრებულოს წინამძღოლი, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ოჯახი“ (თბილისი, 2006). აქ, ამ ნაშრომში, სრულად არის ციტირებული ლალი ცომაიას 1990 წლის პუბლიკაცია (გვ. 28-30). ამიტომ ბუნებრივია, რომ იქ წარმოდგენილი ტაბულა („დოკუმენტი № 3“) ფანქრისეულ მინაწერსაც შეიცავს: „საიდუმლოდ.“ (გვ. 30). ამას ვერ ვიტყვით მომდევნო პუბლიკაციის მიმართ: საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია. ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე [კახა ქორიძის წინათქმით], თბილისი, 2016, გვ. 182. იგივე დოკუმენტი აქ ხსენებული მინაწერის გარეშე არის წარმოდგენილი, ანუ ისე, როგორც ლალი ცომაიას 1998 წლის გამოცემაში. ამასთანავე შეინიშნება სხვაობაც: ამ (2016 წლის) გამოცემაში ტაბულის იმ მონაკვეთზე, სადაც ჩვენთვის ამჯერად საყურადღებო მინაწერი გვეგულება, წარწერილი სიტყვის ამოშლის კვალი ჩანს, მაშინ როდესაც 1998 წლის გამოცემაში ასეთი კვალი შესამჩნევი არ არის. ამის მიზეზი უნდა იყოს ის ფაქტი, რომ 1998 წლის პუბლიკაცია შესრულებულია შავ-თეთრ ფონზე, 2016 წლისა კი – ფერადზე და ამდენად, ის დედნის ზუსტი ასლია.

ბუნებრივად გაგვიჩნდა სურვილი, გავცნობოდით დასახელებულ პუბლიკაციათა დედნებს. ამ მიზნით ვეწვიეთ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს. გავარკვიეთ, ქ-ნ ლალი ცომაიას (მუზეუმის მეცნიერი თანამშრომლის) კონსულტაციით, რომ ეს დოკუმენტები ფონდში მარკირებულია ასე: სსლმ. 26 961-8,9,10-ხ. ტაბულა ანუ აღნიშნული ნომრის მე-10 დოკუმენტი ისე გამოყურება, როგორც 2016 წლის გამოცემაში: მინაწერი „საიდუმლოდ.“ ამოშლილია, მაგრამ გადაშლის ნაკვალევი, – საშლელის ნამოქმედარი, – ცხადად ჩანს. უეჭველია, რომ ეს მანიპულაცია (დოკუმენტიდან სიტყვის ამოშლა) 1991-სა და 1998 წლებს შორის, პირველსა და მეორე პუბლიკაციებს შორის, უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოტივი და მოქმედი პირის ვინაობა, თვით ქ-ნ ლალი ცომაიასთვისაც, უცნობია.

ასეა თუ ისე, ამ შემთხვევაში მთავარი და არსებითი არის შემდეგი: ამიერიდან სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის 1942 წელს ბერლინში შედგენილი და დაბეჭდილი ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულის მეორე – მაღალაშვილისეული ეგზემპლარი, რომელიც სრულყოფილია იმდენად, რამდენადაც მასში დაუზიანებლად არის შემონახული სვიმონ ციციშვილის მიერ ფანქრით შესრულებული მინაწერი.

აღნიშნული ტაბულის მეცნიერული სიზუსტის გარკვევა, ბაგრატიონთა ტახტის აღდგენისათვის ბრძოლის ისტორიაში მისი ადგილისა და როლის განსაზღვრა საგანგებო გამოკვლევას მოითხოვს.

მკითხველს, რომელსაც ამ დოკუმენტის ავტორისა თუ თანაავტორის, სვიმონ ციციშვილის, შემდგომი ბედი აინტერესებს, შეგვიძლია ვურჩიოთ შემდეგი ლიტერატურის გაცნობა: ნინო ყიფშიძე, სვიმონ ციციშვილი. – საარქივო მოამბე, 17, 2017, გვ. 30-37. ამ და ჩვენთვის ცნობილი სხვა ლიტერატურის თანახმად, სვიმონ ციციშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურებმა საბჭოთა საქართველოში შემოიტყუეს და 1951 წელს გაასამართლეს. ბრალად, სხვათა შორის, „თვითმპყრობელობის აღდგენა“ წაუყენეს, აგრეთვე – ჰიტლერის ხელისუფლებასთან თანამშრომელი ორგანიზაცია „ბამატის“ აქტივისტობა. პროცესზე აღინიშნა, რომ ის მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ბერლინში ჩავიდა, მონაწილეობა მიიღო ქართული ნაციონალური კომიტეტის შექმნაში, რომელიც ჰიტლერის ხელისუფლებას სთხოვდა, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის საჯარო ნაწილები მოახდენდნენ საბჭოთა კავშირის ოკუპაციას, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოეცხადებინა; მისი სქემის მიხედვით საქართველოში მონარქია უნდა აღდგენილიყო… (გვ. 32). სასჯელად, აღნიშნული ბრალდების გამოც, გამოტანილ იქნა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. მაგრამ 1952 წლის 24 აგვისტოს დახვრეტის განაჩენი მას 25 წლიანი გადასახლებით შეუცვალეს (გვ. 33).

სპირიდონ ჭავჭავაძის, ანალოგიურად შემოტყუებული მეორე ემიგრანტის, სასამართლოზე წარდგენილი ჩვენების თანახმად, მან, სვიმონმა, შეადგინა გეგმა, რომელსაც „საქართველოს ეროვნულ-სოციალისტური სამეფოს გარიგება“ უწოდა. აი, ამონარიდი ამ ჩვენებიდან: „ქართველ ემიგრანტებს შორის დადიოდა ხმები, თითქოს თავის კანდიდატურას აყენებდა ციციშვილი მეფის არჩევამდე, თავად ყოფილიყო ქვეყნის მმართველი იმ მიზეზით, რომ ის არის თავადური წარმომავლობის, რომელიც სამეფო გვარს ენათესავება. ამ სქემის თითო-თითო ეგზემპლარი გიორგი კვინიტაძეს, გიორგი კერესელიძეს და მე გამომიგზავნა… საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას რამდენჯერმე შევხვდი. ერთხელ სასტუმრო „თბილისში“, სადაც საქართველოში დაბრუნების საწყის ეტაპზე ცხოვრობდა, მეორედ – ქუჩაში, შემთხვევით. რაც შეეხება მის მეუღლეს (მარინეს, დ. ყანჩელის ასულს, ნ. პ.; შდრ. ტაბულა), საბჭოთა კავშირში დაბრუნების შემდეგ შევიტყვე, რომ სვიმონ ციციშვილის საქართველოში გამომგზავრებამდე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“ (გვ. 34). უეჭველია, „სქემა“ ჩვენ გენეალოგიურ ტაბულას გულისხმობს და, მაშასადამე, ციტატა გვთავაზობს ინფორმაციას ამ დოკუმენტის კიდევ სამი ეგზემპლარის (კვინიტაძისეულის, კერესელიძისეულისა და ჭავჭავაძისეულის) არსებობის შესახებ, რომლებსაც დიდი ალბათობით ისეთივე გამაფრთხილებლი სიტყვა ექნებოდა მიწერილი, როგორიც ამირეჯიბისეულ და მაღალაშვილისეულ ეგზემპლარებს: „საიდუმლოდ“.

ამასთანავე: სამივე დოკუმენტი გვთავაზობს დოკუმენტურ მასალას თემისათვის „ქართველები გერმანელების მხარეზე მეორე მსოფლიო ომში“. ჩვენთვის ცნობილია ლაშა ბაქრაძის სტატია ამავე სახელწოდებით (ინტერნეტში განთავსებული), რომელშიც, სხვათა შორის, აღნიშნულია, რომ ნაცისტური გერმანიის მხარეზე მდგომი ემიგრანტები და, კერძოდ, ქართველი ემიგრანტები კონფერენციებს სასტუმრო „ალდონში“ აწყობდნენ და რომ „ალდონის კონფერენციაზე“ რომიდან ჩავიდა ირაკლი ბაგრატიონი; ემიგრანტებთან ურთიერთობას აწარმოებდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამავე სურათს გვთავაზობს რუსუდან დაუშვილი ესკიზში „ვინ უნდოდათ ემიგრანტებს საქართველოს მეფედ?“ (მისივე, რვა ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 2014, გვ. 38-48). აქაც ლაპარაკია ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი სამთავრობო გუნდის დაინტერესებაზე საქართველოს საკითხით, სამეფო კანდიდატზე და იმავე სასტუმროს მობინადრე ქართველებზე. ვხედავთ, რომ სამივე ზემოთ განხილული დოკუმენტი ამ ინფორმაციებს ამოწმებს და ადასტურებს.

ასევე ამოწმებენ და კიდეც ამდიდრებენ ამ ინფორმაციებს სხვა დოკუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, 1) ზურაბ ავალიშვილის წერილი შალვა ამირეჯიბს, გაგზავნილი მიუნხენიდან 1942 წლის 8 ივნისს და 2) ირაკლი მუხრან-ბატონიშვილის წერილი იმავე ადრესატს (იხ.: შალვა ამირეჯიბი, წიგნი მეორე, გვ. 241-243). პირველ წერილში ნახსენებია  „ქართული კომიტეტი“ და მითითებულია მისი დაარსების თარიღი – 21 მაისი (1942 წლისა), რაც ავტორისათვის სპირიდონ კედიას უცნობებია. მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემიგრანტ ქართველ მონარქისტთა პირველი კრება 1942 წლის 21 მაისს შედგა. ამ დროს დაარსდა კომიტეტი და მოხდა სამეფო კანდიდატის არჩევა, ხოლო ოთხი დღის შემდეგ, ანუ 25 მაისს, შეიქმნა შესაბამისი გენეალოგიური ტაბულა სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით. ავალიშვილს წერილი იმის თაობაზეც შეიცავს მითითებასა და დადასტურებას, რომ ქართველთა ამ ღონისძიების „მასპინძელს“ მართლაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ანუ, იგივე, „საგარეო უწყება“ წარმოადგენდა. საკითხის მკვლევარები ალბათ წერილის იმ ადგილსაც გაითვალისწინებენ, რომლის თანახმად ზურაბ ავალიშვილი მონარქიის რესტავრაციას სკეპტიკურად უყურებს და იდეითაც არ არის მოხიბლული. ამის მიუხედავად ის მიუნხენში 10 ივნისისათვის ელოდება უფლისწულ ირაკლის, რათა ეს საკითხი განიხილოს. უფლისწული ირაკლიც თავის წერილში ადასტურებს, რომ ის თანამემამულეებთან აქტიურ შეხვედრებსა და დისკუსიებს აწარმოებს; მოგზაურობს სხვადასხვა მიმართულებით, რაც გერმანიის იმდროინდელი ხელისუფლებისა და, კერძოდ, „საგარეო უწყების“ ფინანსური და მორალური მხარდაჭერის გარეშე, თანაც ომის პირობებში, ვერ მოხერხდებოდა. სხვა არა იყოს რა, სად ჰქონდათ ქართველ ემიგრანტებს ბერლინის ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს  სახსარი? ამასთან დაკავშირებით ისიც გავიხსენოთ და გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ სასტუმროში მიუჩინეს ნაცისტებმა ბინა ტყვედ ჩავარდნილ იაკობ ჯუღაშვილ-სვანიძეს, – მათი უბოროტესი მტრის, სტალინის, პირმშოს. იქ აკითხავდნენ მას უმაღლესი კვალიფიკაციის ფსიქოლოგები, პოლიტიკოსები და თვით პროპაგანდის მინისტრი იოსებ გებელსი მამისა და სოციალისტური სამშობლოს მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაბირების მიზნით (Steffi Chotiwari-Jünger, Georgier in Berlin, Berlin 1999, S. 40-41). ეჭვი არ არის, რომ ამ მისიას ნაცისტები იმავე სასტუმროში მცხოვრებ მონარქისტ თანამემამულეებსაც მიანდობდნენ.

გვმართებს, ყურადღება მივაქციოთ პოლიტიკური კონტექსტს, რომელშიც ხსენებული „ორი კრება“ ანუ, წყაროს დეფინიციით, საქართველოს სამეფო ტახტის კანდიდატის არჩევნები შედგა. 1942 წლის მაისი და ნოემბერი (და მომდევნო თვეები) არის ყველაზე კრიზისული დრო ნაცისტური გერმანიისათვის. ლაშა ბაქრაძის სტატიაში ხაზგასმულია და ეს მე ტყვეთა ბანაკიდან გერმანელთა მხარეზე გადასული ადამიანებისგანაც (კარლო ინასარიძისა და ვახტანგ ჩხაიძისაგან) მომისმენია, რომ ჰიტლერი თავიდან „უნტერმენშებთან“ და, ცხადია, ქართველებთანაც თანამშრომლობის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სტალინგრადის ბრძოლების დროს და, განსაკუთრებით, იქ განცდილი მარცხის შემდეგ (1942 წლის მეორე ნახევარი და 1943 წლის დასაწყისი) ის იძულებული გახდა, უკან დაეხია. ამ კომპრომისის გამოძახილად და შედეგად უნდა ჩაითვალოს ქართველი ემიგრანტების მიერ ბერლინის უძვირფასეს სასტუმრო „ადლონში“ მონარქისტული შინაარსის კრებათა მოწყობა და „ერთგული მეგობრობისა და თანამშრომლობის“ გამოცხადება „დიდებულ-ძლიერ გერმანიასთან“.

დღეს, 21-ე საუკუნის 10-იან წლებში, დიდი კამათი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ბაგრატიონთა რომელი შტოს წარმომადგენელს შეეფერება ტახტზე ასვლა. 1942 წელს ბერლინში მიღებულ არჩევანთან დაკავშირებით აზნაური ვალერიან კიკნაძე წერს: „ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრედ გამოცხადდეს და ქართველმა ერმაც აღიაროს გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი, არის ის, რომ ბავარიის პრინცმა ინფანტმა დონ ფერნანდომ 1946 წელს შეკითხვით მიმართა რუსეთის დიდ მთავარს ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს ბაგრატიონთა სახლის შესახებ, რაზედაც ვლადიმერ რომანოვმა 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით შეცდომაში შეიყვანა ბავარიის პრინცი. (…) ბაგრატიონთა სახლის უფროსად (და ტახტის მემკვიდრედ) დიდ მთავარს უნდა ეღიარებინა არა გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი-მუხრანელი, არამედ ერეკლე II-ის შვილის, მეფე გიორგი XII-ის ძის, ბატონიშვილ ბაგრატის შვილთაშვილი, ცნობილი პოეტი და დრამატურგი, ბატონიშვილი პეტრე პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი (1920-1984). (…) მისი შვილია დღეს თბილისში მცხოვრები ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი (დაბ. 1950 წ.)“ (ვ. კიკნაძის დას. წიგნი.: გვ. 8, 21-40). ანალოგიური პოზიცია არის განვითარებული ზემოთ მითითებულ გამოცემაში „საქართველოს სამეფო სახლის კანცელარია. ბაგრატიონები. სამეფო ტახტის მემკვიდრე“, რომლის ავტორი (კახა ქორიძე?) 1942 წლის არჩევნებს „ბერლინში გათამაშებულ ფარსად“ მოიხსენიებს (გვ. 180-183).

აღნიშნული დიდკუსიის გაშუქება და შეფასება წინამდებარე მიმოხილვის მიზანს შორდება. თავს ვალდებულად ვთვლით, ერთადერთ კითხვას ვუპასუხოთ: რა არსებითი განსხვავებაა ორ მონარქისტულ მოძრაობას შორის; რა განასხვავებს ბაგრატიონთა ტახტის აღსადგენად ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა შორის გაჩაღებულ ბრძოლას ანალოგიური ბრძოლისაგან პოსტსაბჭოურ საქართველოში? ალბათ შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ პირველ ტალღას რელიგიური პათოსები და ექსპრესიები არ ახასიათებდა, მაშინ როდესაც მეორე ტალღა სწორედ ასეთი პათოსებითა და ექსპრესიებით გამოირჩევა. თანამედროვე საქართველოს ის მოსახლეობა, რომელიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, დიდწილად ფიქრობს, რომ მეფისა და მონარქიის იდეა თითქოს ქრისტიანული და, მაშასადამე, ეკლესიასთან სიღრმისეულად დაკავშირებული იდეაა. ეს წარმოდგენა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კონსტიტუციური მონარქიის იდეას ღიად მხარი კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მაც დაუჭირა (შედარებით ვრცლად: Nugzar Papuashvili, Aus der jüngsten Vergangenheit der georgischen orthodoxen Kirche, Tiflis 2012, S. 12-13). აქვე იმასაც დავძენთ, რომ ჩვენ ვერანაირ შინაგან კავშირს საეკლესიო მოძღვრებასა და მეფის ინსტიტუტს შორის ვერ ვხედავთ (ვრცლად: ნუგზარ პაპუაშვილი, რას გვიამბობს ბიბლია მეფისა და მონარქიის შესახებ? – „რეზონანსი“, 2008, 16.VI, №161).

ასეა თუ ისე, შეგვიძლია ვთქვათ: ამიერიდან სამეცნიერო მიმოქცევაში შემოდის 1942 წელს ბერლინში შედგენილი ბაგრატიონთა გენეალოგიური ტაბულის მაღალაშვილისეული ეგზემპლარი.

2) მიმოწერა დეკანოზ ალექსანდრე დემეტრაშვილსა და გიორგი მაღალაშვილს შორის; 5 ერთეული; თარიღი: 1950-1954.

3) ამონარიდი „საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს“ გაზეთიდან „ცნობის ფურცელი“ (1962 წლის თებერვალი), რომელიც იმდროინდელი ქართული ემიგრაციის ისტორიისათვის (შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებისა და საბჭოთა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმათა გათვალისწინებისათვის) თვალსაჩინო მასალას უნდა წარმოადგენდეს.

4) ქსეროასლები ფრანგული და ესპანურენოვანი დოკუმენტებისა: ა) XXX aniversario de la ocupacion ae Georgia por los soviets; ბ) Centre National Politique Georgien A L’Etranger: Declaration (Paris, le 19 Novembre 1950); გ) Centre National Politique Georgien A L’Etranger: Liste nominative, alphabetique et qualifiquative des Membres signataires de la Declaration du 19 Novembre 1950.

დოკუმენტი ბ) არის „უცხოეთში ქართული ეროვნულ-პოლიტიკური ცენტრის დეკლარაცია“. მისი შინაარსი ასეთია (გვითარგმნა ქ-ნმა ეთერ ბერუაშვილმა): საქართველო ხელმეორედ დაიპყრო რუსეთმა… ოცდაათი წლის განმავლობაში ქართველი ერი იბრძვის დამოუკიდებლობის აღსადგენად… იბრძვიან სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ქართველებიც, მაგრამ ისინი დეზორგანიზებული არიან. ამიტომ ემიგრაციამ გადაწყვიტა, რომ ხმა სხვა ქვეყნების ემიგრაციისათვისაც შეეერთებინა და ჩამოეყალიბებინა თავისი ცენტრი. მას უნდა სულიერი კავშირის დამყარება სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან, აგრეთვე სხვა ხალხებთან და ქვეყნებთან. ეს ცენტრი ყოველთვის შეეცდება, რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობა თურქეთთან და ირანთან. იქვე ჩამოთვლილია 6 „მიზანი და პრინციპი“. „ცენტრალური მიზანი“ არის ის, რომ ცენტრმა ქართული კულტურის ფასი მთელ მსოფლიოს გააცნოს… 1950 წლის 19 ნოემბერი, პარიზი. ხელისმომწერნი: გ. კვინიტაძე (პრეზიდენტი), ვ. ღამბაშიძე, რ. გაბაშვილი, ჟ. გობეჩია, დ. მაჭავარიანი, ჟ. ბაქრაძე, ვ. შარაბიძე, ა. მანველიშვილი, ე. პატარიძე, ლ. ზურაბიშვილი

5) ვ. ნანუაშვილის წერილები (რემინგტონზე; დაწერილი სან-ფრანცისკოში 1966-1967 წლებში): ,,მახლობელი აღმოსავლეთი“  და ,,ქართვულ ემიგრაციის იდეური მოვალეობანი“ (ორივე 37 გვერდი: 1-18 + 1 ცარიელი გვერდი და + 20-37).

6) სან ფრანცისკოს ქართული კერის რვეული No 3, რომელშიც წარმოდგენილია, სარედაქციო ,,შესავალ“-ის შემდეგ, ,,იასონ ჯავახიშვილის სიტყვა (წარმოთქმული საქართველოს უზენაეს სასამართლოში 31 ივლისს 1925 წ.)“ (გვ. 1-19; რემინგტონზე). ავტორი, ჩანს, უზენაესმა სასამართლომ 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლა. ამ დოკუმენტის სამეცნიერო მნიშვნელობის გარკვევა, ასევე, მომავლის საქმედ წარმოგვიდგება.

დანართი

ქართული კულტურისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით 2018 წელს გერმანიაში ჩავიტანე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბოლო წლების გამოცემათა ეგზემპლარები. მათი ნაწილი გადავეცი ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკას, ნაწილი – ქართულ სათვისტომოსა და ეკლესიას, ნაწილი – წელიწდეულ Oriens Christianus-ის რედაქტორსა და გამომცემელს, პროფესორს, ორგზის დოქტორს (ფილოლოგიასა და სამართალში) ჰუბერტ კაუფჰოლდს. ბ-ნი კაუფჰოლდი აღნიშნული წელიწდეულისათვის პერიოდულად ამზადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პუბლიკაციათა მიმოხილვებს და ამავე ცენტრს უგზავნის თავისი გამოცემების ეგზემპლარებს. ამჯერად მან გამოგზავნა Oriens Christianus-ის მე-100 ნომრის (2017 წლის) ეგზემპლარი.

ქართული მასალა აღნიშნულ ნომერშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი. აქ დაბეჭდილია ჩვენი თანამემამულის, Köln-ის უნივერსიტეტის თანამშრომლის, თინათინ ქრონცის (Chronz; ქალიშვილობაში: ვაშაკიძე) სტატია „Das Jerusalemer Euchologion Sinait. iber. 66/O“. მასში მოცემულია იერუსალიმური კურთხევანის იმ ხელნაწერის დეტალური აღწერა და ანალიზი, რომელიც სინას მთაზე ინახება. ჩვენს ყურადღებას იქცევს ნეკროლოგი ცნობილი ბიბლიოგრაფის Heinrich Rohrbacher-ის შესახებ, რომელიც 2017 წლის 17 მაისს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავტორი, ჰუბერტ კაუფჰოლდი, მას ქართველოლოგად (Georgienkenner) მოიხსენიებს და მიმოიხილავს საქართველოსთან მის კავშირურთიერთობას: სამხედრო ტყვეობას საბჭოთა კავშირსა და, მეტწილად, საბჭოთა საქართველოში (1945-1950); აღნიშნავს, რომ მის მემუარებში გამოხატულია უაღრესი პატივისცემა და მადლიერება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სწორედ ამ დამოკიდებულებამ განსაზღვრა მისი შემოქმედებითი პროფილი და განაპირობა ფუნდამენტური და სქელტანიანი ნაშრომის „Georgien. Bibliographie des deutschsprachigen Schrifttums [გერმანულენოვანი ტექსტების ბიბლიოგრაფია საქართველოს შესახებ]“ აღმოცენება (ბოლო, შევსებული და გაუმჯობესებული ვერსია 7236 ერთეულს მოიცავს). ამ ნაშრომის გარეშე ქართულ-გერმანულ ურთიერთობათა ისტორიის სრულფასოვნად გამოკვლევა წარმოუდგენელია.

Oriens Christianus-ის ამავე ნომერში მოცემულია ბოლო წლებში განხორციელებული სამეცნიერო გამოცემების რეცენზიები, რომელთა ავტორი, ასევე, პროფ. ჰუბერტ კაუფჰოლდი გახლავთ. ყველაზე ვრცლად (გვ. 271-274) მიმოხილულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თავისუფალი თარგმანი („Nachdichtung“): Schota Rusthaweli, Der Recke im Tigerfell, გარდათქმული Hugo Huppert-ის მიერ, Jost Gippert-ისა და მანანა თანდაშვილის მიერ გამოცემული (Wiesbaden 2014). ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა წელიწდეულის ბოლო მონაკვეთი – Kurzanzeigen einiger neuerer Publikationen des Nationalen Handschriftenzentrums in Tbulisi [მოკლე უწყებანი თბილისის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ზოგიერთი უახლესი პუბლიკაციების შესახებ]. აქ მაღალი პროფესიონალიზმით, – ლაკონიზმით, მაგრამ ხორცსავსედ, – არის მიმოხილული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შემდეგი გამოცემები: ზაზა ალექსიძის თხზულებათა კრებულის – „ქრისტიანული კავკასიის“ – სამივე ტომი (2010-2016), თამარ ოთმეზურის გამოკვლევისა და გამოცემების კრებული – „მაქსიმე აღმსარებლის Ambiguorum liber ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში“, ლელა შათირიშვილის გამოკვლევა და გამოცემა – „ბასილი ანკვირიელი და მისი თხზულების [„ქალწულებისათვის“] ქართული თარგმანი“, საიუბილეო კრებული – „კალისტრატე ცივცაძე 150“ (შემდგენელი და რედაქტორი ნუგზარ პაპუაშვილი), „ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში (ენციკლოპედიური ლექსიკონი)“ (რედაქტორი მზია სურგულაძე) და ფილოლოგიურ-ისტორიულ ძიებათა კრებულის, მრავალთავის, 25-ე ტომი.