რუმინეთის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი
1 ივლისს კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია რუმინეთის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვიქტორ სპინეი. გაიმართა შეხვედრა ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან, რომელსაც ესწრებოდნენ ხელნაწერ სიძველეთა დაცვისა და აღრიცხვის დეპარტამენტრის უფროსი თამარ აბულაძე, საგარეო კავშირების და თარგმნის სამსახურის უფროსი თამარ ჟღენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ ჯაბიძე, დირექტორის თანაშემწე თამარ მჭედლიძე, ვ. სპინეის თანმხლები, ბრაილას მუზეუმის დირექტორი იონელ კინდა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზინა ჯორბენაძე. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს. რუმინეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ურთიერთობას რუმინეთის ეროვნულ არქივთან და რუმინეთის სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან. საუბრისას აღინიშნა, რომ სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება რუმინეთის ეროვნულ მუზეუმთან და რუმინეთის აკადემიის ისტორიის ინსტიტუტთან. ამ საქმის ხელშეწყობისთვის მხარეები თხოვნით მიმართავენ ორი ქვეყნის დიპლომატიურ მისიებს, შესაბამისად ბუქარესტსა და თბილისში. სტუმრებმა დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართულ ხელნაწერთა საცავი და ქრისტინე შარაშიძის სახელობის რარიტეტული გამოცემების კაბინეტი. ცენტრის ფონდების გაცნობისას სტუმრებს განმარტებებს აძლევდნენ ნ. ხიზანიშვილი და ე. გოგიჩაიშვილი.