საერთაშორისო სემინარის გახსნა
27 ივნისს გაიხსნა საერთაშორისო სემინარი „საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიური ცოდნა ხელნაწერებსა და არტეფაქტებში“. აღნიშნული სემინარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტის (ბერლინი) ორგანიზებით ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა სონია ბრენტიემ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგარეო კავშირებისა და თარგმანის სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ჟღენტმა და სხვებმა. სემინარის მუშაობაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობენ მათი კოლეგები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, ა.შ.შ.-დან. სემინარის თემატიკა მოიცავს ხელნაწერებში ასახული მეცნიერების ისტორიის საკითხების ფართო სპექტრს და ასეთივე ფართო კულტურულ და გეოგრაფიულ არეალს. ერთობლივი სემინარის მიზანია მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტების დამყარება, აგრეთვე კვლევების მეთოდიკისა და თემატიკის გაცნობა და გაზიარება.