“ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი“
Posted at h
in სიახლეები
3 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი“ და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელმა თამაზ გოგოლაძემ წარადგინა ნაშრომი, ისაუბრა მის მნიშვნელობაზე. “ქვემო ქართლის ეპიგრაფიკული კორპუსი” თეთრიწყარო, ბოლნისისა და მარნეულის რაიონების 200-მდე ლაპიდარული წარწერას მოიცავს, რომელთა ნაწილი პირველად წინამდებარე კორპუსში ქვეყნდება. წარწერათა ქრონოლოგია V-XVIII საუკუნეებით განისაზღვრება. სწორედ აღნიშნულ გამოცემაშია წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი წარწერები, როგორიცაა: 1116/1117 წლების სვერელის ასულ, ასფანის სააღმშენებლო წარწერა დავით IV აღმაშენებლის მოხსენიებით ვაკის იოვანე ნათლისმცელის ეკლესიიდან; 1189 წლის ელმელიქ ფადლისძის სააღმშენებლო წარწერა ორთაფოშთის ეკლესიიდან ერთიანი საქართველოს მეფის, თამარის მოხსენიებით; 1247-1259 წლების მანგლელ ეპისკოპოსის, არსენ მშვილდაისძის სააღმშენებლო წარწერა აბელიის ეკლესიიდან; 1278 წლის გუდარეხის სამრეკლოს სააღმშენებლო წარწერა და სხვ. სამეცნიერო ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სპეციალისტებს – ეპიგრაფიკოსებს, ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ასევე დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას.