სამწუხარო ინფორმაცია

14 აპრილს გარდაიცვალა  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცესი  თანამშრომელი,  ცნობილი ფილოლოგი და დიდი მეცნიერი მიხეილ ქავთარია. იგი დაარსების დღიდან, კერძოდ, 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ყოფილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი). წლების განმავლობაში იგი იყო საარქივო ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.

მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1952 წელს  დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც დედამისის ბიძა იყო, ისევე როგორც კალისტრატე ცინცაძე. ბატონი მიხეილ ქავთარია იყო ფართო დიაპაზონის ფილოლოგი, გამორჩეული არქეოგრაფი, ლიტერატურათმცოდნე, კვალიფიციური მკვლევარი, რომელიც ერთნაირად ფლობდა როგორც ქართულ მწერლობას, ისე საქართველოს ისტორიის საკითხებს. იგი იყო გამორჩეული ხელნაწერთმცოდნე, სწორედ ამიტომ იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი, როდესაც საქმე ქართულ  ხელნაწერს ეხებოდა და  სწორედ ამიტომ მიმართავდა ყველა კონსულტაციისთვის.

მრავალმხრივი იყო ბატონი მიხეილის  მეცნიერული ინტერესები. იგი იკვლევდა როგორც ძველი, ისე აღორძინების ხანის მწერლობას.  1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ბესარიონ ორბელიშვილის შემოქმედება“, რომელშიც  მან გამოამზეურა ბესარიონ ორბელიშვილის აქამდე უცნობი აგიოგრაფიული ნაწარმოებები და ხელმისაწვდომი გახადა სამეცნიერო საზოგადოებისთვის.  1977 წელს კი დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე- “XVII-XVIII  საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია”. ამ მონოგრაფიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, რადგან მასში  შესწავლილია და გამოქვეყნებული აღორძინების ხანის  ქართველ ჰიმნოგრაფთა მემკვიდრეობა და ასევე ღრმადაა შესწავლილი ლიტურგიკული კრებულის, სადღესასწაულოს წარმოშობისა და რედაქციებად დაყოფის საკითხი. მნიშვნელოვანია მიხეილ ქავთარიას  ნაშრომები: „XVIII  საუკუნის ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიიდან“ (ანტონ I კათალიკოსის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაზე); „დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა“ და სხვ. მიხეილ ქავთარიას მეცნიერულ საქმიანობაში დიდი ადგილი ეჭირა არქეოგრაფიულ სამუშაოს. იგი აქტიური  მონაწილე იყო  (როგორც აღმწერი თუ რედაქტორი) ქართულ ხელნაწერთა აღწერილობების შედგენისა როგორც  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში, ისე საქართველოსა და უცხოეთში არსებულ სხვა  სიძველეთსაცავებში დაცული ქართული ხელნაწერებისა.

ბატონი მიხეილი იყო  არაჩვეულებრივი, ყურადღებიანი, კომპეტენტური და გულისხმიერი სამეცნიერო ხელმძღვანელი. გამორჩეულად კეთილმოსურნე და თუ საჭირო იყო პრინციპული ოპონენტი სადისერტაციო ნაშრომებისა, არაერთი წიგნის რედაქტორი თუ რეცენზენტი.  მისი ავტორიტეტი და საქმის სიყვარული გზას უნათებდა ახალბედა მკვლევრებს.

მიხეილ ქავთარია, ჩვენი ბატონი მიშა, გამოირჩეოდა თავმდაბლობით, კეთილშობილებით, კეთილმოსურნეობითა და უშურველობით. მან თავი მთლიანად მიუძღვნა მეცნიერებასა და ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლა უკვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს). იგი იყო შერწყმული და შენივთული ამ დაწესებულებას, ამიტომაც როდესაც ვინმე ახსენებს ჩვენს ცენტრს, იქვე იგულისხმება მიხეილ ქავთარია. ბატონი მიშა მუდმივად იმეორებდა, რომ ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც იმუშავებს ხელნაწერზე, შეეხება მას, ასე ვთქვათ, ხელნაწერის მტვერს ჩაყლაპავს,  ვერასოდეს დაანებებს თავს ამ საქმიანობას. როგორც მისი 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კრებულს უწოდეს კიდეც, ბატონი მიშა იყო „მუშაკი სულიერისაჲ ვენახისაჲ”. ამავე დროს ბატონი მიშა, მიუხედავად ასაკისა, მუდამ ახალგაზრდა იყო  შემოქმედებითად, ამოუწურავი ინტერესებით, ცხოვრების მუხტით. უბადლო კომუნიკაციის უნარი ბოლომდე შერჩა, ამიტომაც ჰქონდა საოცარი ხიბლი, ამიტომ იზიდავდა ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. იგი ყველას მეგობარი და მესაიდუმლე იყო.  არავის გვიტოვებდა განცდა, რომ განსაკუთრებით ახლოს ვიყავით. ყველასთვის ყოფნიდა სითბო და სიყვარული.  ყურადღებით მოსმენა იცოდა და საჭირო რჩევის მოცემა როგორც პროფესიულ, ისე პირად საკითხებზე. რაც მთავარია, იცოდი, რომ აქვე იყო, მეორე სართულზე და თუ რამეა, მიაკითხავდი და შენ გვერდით იქნებოდა. გვეიმედებოდა! ახლა კი დაობლდა ცენტრი. წავიდა ბატონი მიშა და თავის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ქართულ ფილოლოგიას ერთადერთხელ ატკინა გული ამ წასვლით.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის და მშვიდობით, ბატონო მიხეილ!