ქართული ხელნაწერების 3D ვიდეო-ინსტალაცია

14 აპრილს, კვირას, 20:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის დაფინანსებითა და ორგანიზებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის (მის. თავისუფლების მოედანი, N2) ფასადზე გაიმართა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები – ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური ტრაქტატი, „ქართლის ცხოვრების“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვ.

 „თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ქართულ იდენტობაზე და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე. გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, საქართველოს  პოზიციონირებას ევროპაში და ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ინსტალაცია, თავისი კონცეფციითა და ესთეტიკით, ღირსეული გზავნილი იქნება მსოფლიოს კულტურულ სივრცეში.“ – აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე.

პირველად საქართველოში, აღნიშნული გამორჩეული კოლექციის პრეზენტაცია განხორციელდა 3D ვიდეო-ინსტალაციის გამოყენებით.

https://www.facebook.com/pg/CityHallofTbilisi/photos/?tab=album&album_id=2675413589141891