ვიზიტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში
28 თებერვალს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარადგინა მონოგრაფია „ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ“. მონოგრაფიაში წარმოდგენილია მსოფლიოს 21 ქვეყანაში დაცული VII-XIX საუკუნეების 1 532 ქართული ხელნაწერი წიგნისა და ფრაგმენტის შესახებ არსებული სამეცნიერო ინფორმაცია. აღნიშნული შრომისა და პუბლიკაციების პროცესი მიმდინარეობდა 2015-2018 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ – ქართული და ინგლისურენოვანი მონოგრაფია“ ფარგლებში. პროექტში მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები, პროექტის ხელმძღვანელი ნესტან ჩხიკვაძე, ზურაბ სამარღანიშვილი, ლელა შათირიშვილი, მაია კარანაძე და ვლადიმერ კეკელია. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა შეისწავლეს თელავის მუზეუმის ფონდის მდგომარეობა. ჩატარდა ძველნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების მონიტორინგი. სამომავლოდ კი დაიგეგმა ტრენინგის ჩატარება მუზეუმის თანამშრომლებისათვის, რაც გულისხმობს ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების კონსერვაციის მეთოდების შესწავლას.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2265518243504561