ქართული უნიკალური ხელნაწერების 3D ვიდეო-ინსტალაცია
12 ნოემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული უნიკალური კოლექციის 3D ვიდეო-ინსტალაცია.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არის ძალზედ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის საცავი. მის კოლექციებში შემონახულია როგორც საეკლესიო, ასევე საერო შინაარსის უნიკალური ხელნაწერები – ძვირფასი ქვებით მოჭედილ ყდებში ჩასმული მდიდრულად მოხატული სახარებები, ასევე, ასტროლოგიური, „ქართლის ცხოვრების“, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი რუკები და სხვ.
პირველად საქართველოში, აღნიშნული უძვირფასესი კოლექციის პრეზენტაცია განხორციელდა 3D ვიდეო-ინსტალაციის გამოყენებით.
„თანამედროვე, კონცეპტუალური ხედვით დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ქართულ იდენტობაზე და საქართველოს ინტელექტუალურ-კულტურულ წარსულზე. გამოფენა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას, საქართველოს პოზიციონირებას ევროპაში და ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ინსტალაცია, თავისი კონცეფციითა და ესთეტიკით, ღირსეული გზავნილი იქნება მსოფლიოს კულტურულ სივრცეში.“ – აცხადებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე.
ღონისძიების ფარგლებში რამდენიმე წიგნის პრეზენტაციაც ჩატარდა, მათ შორის გამომცემლობა „ბაკმის“ მიერ გამოცემული ბეგთაბეგისეული „ვეფხისტყაოსნისა“ და ავტორთა კოლექტივის მიერ შექმნილი წიგნისა “ქართული ხელნაწერი”.