ბიბლიის (ძველი აღთქმა) პრეზენტაცია
2018 წლის 4 იანვარს, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ბიბლიის (ძველი აღთქმა) პრეზენტაცია გაიმართა.
პირველად გამოიცა ბიბლიის (ძველი აღთქმა) ქართულ თარგმანთა კრიტიკულად დადგენილი ტექსტების სრული კორპუსი. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოცემა მოიცავს V-XVIII საუკუნეების ქართულ ხელნაწერებში დაცული „ძველი აღთქმის“ წიგნების სრულ მასალას და წარმოადგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა თითქმის 60-წლიანი შრომის შედეგს.
საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.