„ქართული პალიმფსესტები”
2017 წლის 29 ნოემბერს, 16:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (№ R/175/1-20/14) „ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი, მონაცემთა ბაზის“ პრეზენტაცია. ქართული პალიმფსესტებისადმი ინტერესი XX საუკუნის 20-იანი წლებიდან ჩნდება. მათი შესწავლის ისტორია ივანე ჯავახიშვილისა და აკაკი შანიძის სახელთან არის დაკავშირებული. პალიმფსესტების შესწავლის საქმეში თავისი წვლილი შეიტანა ხელნაწერთა ინსიტუტის დამაარსებელმა, ილია აბულაძემ. XX საუკუნის 60-იან წლებში ილია აბულაძის ინიციატივით მოეწყო ქართულ ხელნაწერთა ხელახალი რევიზია პალიმფსესტური ხელნაწერების გამოვლენის მიზნით. ამ საქმეში მონაწილეობდნენ ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლები ლამარა ქაჯაია და ცაცა ჭანკიევი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ქართულ ხელნაწერთა ფონდში ქართული პალიმფსესტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 5000-მდე პალიმფსესტური ფურცელია დაცული. პროექტის მიზანს სწორედ ამ ხელნაწერების ტექსტების იდენტიფიკაცია წარმოადგენდა. უკვე ცნობილი ხანმეტი ტექსტების შემცველი ხელნაწერების გარდა, კატალოგზე მუშაობისას გამოვლინდა ოთხი უცნობი ფრაგმენტი, რომლებიც ასევე ხანმეტ ტექსტებს შეიცავს. ხელნაწერთა ერთ ნაწილში გამოიკვეთა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, თავისებური ნუსხურით შესრულებული ხელნაწერები. ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება პალიმფსესტებში დაცული ჰომილეტიკური და ჰაგიოგრაფიული ტექსტები. გარდა ზემოთხსენებულისა, მრავალი სხვა საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი გამოვლინდა კვლევის პროცესში, ყველაფერი ეს კი აღწერილია აღნიშულ გამოცემაში. კატალოგში მასალა წარმოდგენილია ფონდების მიხედვით. თითოეულ ხელნაწერს ახლავს პალიმფსესტური ფურცლების დეტალური აღწერილობა. კატალოგს ახლავს საძიებლები, ხელნაწერის რაობის, დამწერლობის სახეობისა და თარიღის მიხედვით, რათა დაინტერესებულმა მკითხველმა ადვილად მოიძიოს მისთვის საინტერესო მასალა.