„თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო “

2017 წლის 6 დეკემბერს, 15:00 საათზე კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ცენტრში გაიმართა მოხსენება „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო”. მოხსენება წაიკითხა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა თამაზ გოგოლაძემ. 2016 წლის დეკემბრიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი როგორც საისტორიო წყარო (YS-2016-10)“. პროექტის მიზანია თორის ხეობაში (დღევანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში) არსებული ისტორიული წარწერების შესწავლა და მათი კორპუსის სახით გამოცემა. ქართული და უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობამ საშუალება მიცა ხელნაწერთა თანამრომლებს პროექტის მეორე კვარტალში სამეცნიერო მივლინებებისა თუ ექსპედიციების (გუჯარეთისა და სადგერის ხეობებში) სახით ადგილზე შეესწავლათ ამ უაღრესად საინტერესო ხეობის წარწერები. წინამდებარე კვარტალში ეწვივნენ სიმონ ჯანაშიას სახელობის თბილისის სახელმწიფო მუზეუმსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს იქ დაცული ბორჯომის ხეობის წარწერების შესწავლის მიზნით. გარდა ამისა, განახორციელეს სამეცნიერო ექსპედიციები გუჯარეთისა და სადგერის ხეობებში. მივლინებებისა თუ ექსპედიციების ფარგლებში ადგილზე მოინახულეს ბორჯომის ხეობის წარწერები. თავდაპირველად წაიკითხეს მათი ტექსტები, გადმოიღეს პალეოგრაფიული ასლები, გააკეთეს მათი დეტალური არქეოგრაფიული აღწერილობა და გადაიღეს მაღალი გარჩევადობის ფოტოები. ამ მივლინებისა თუ ექსპედიციების დროს დააზუსტეს ჩვენამდე არსებული წარწერათა გარკვეული ნაწილის ტექსტები, რომლებიც შეისწავლეს კიდეც ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით და მეტად მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივიდნენ. აღნიშნული პრეზენტაციის საშუალებით წინამდებარე პროექტის II კვარტალში შესრულებული სამუშაოები უფრო ფართოდ გახდება ცნობილი სამეცნიერო წრეებისა და დაინტერესებული პირებისათვის.