ტაო-კლარჯეთი – მონაცემთა ბაზა და კატალოგი
19 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ტაო-კლარჯეთის მონაცემთა ბაზისა და კატალოგის წარდგენა. პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები (გეოინფორმაციული სისტემა და ინტერაქტიური ვებ-რუკა)“ 2014-2016 წლებში, სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის ისტორიისა და კულტურის ძეგლთა გეომონაცემთა ბაზა და გამოიცა კატალოგი. გეომონაცემთა ბაზის შექმნა სიახლეა, როგორც საისტორიო მეცნიერებაში, ისე გეოსაინფორმაციო სისტემებში. ონლაინ ბაზა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. მკვლევრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს ოპერატიულად მიიღონ წერილობით წყაროებსა თუ სამეცნიერო ლიტრატურაში არსებული ცნობები მათთვის სასურველ საძიებო რეჟიმში. პროექტის ფარგლებში გამოცემული კატალოგი პირველი მცდელობაა, თავი მოუყაროს რეგიონის ძეგლებთან დაკავშირებულ დიდძალ ინფორმაციას. წიგნს ერთვის ტაო-კლარჯეთში გადაწერილი ან უწინ აქ დაცული ხელნაწერებისა და რეგიონთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტების მოკლე კატალოგი. ასევე გამოცემაში წარმოდგენილია იმ ისტორიულ პირთა ლექსიკონი-ცნობარი, რომლებიც მოღვაწეობდნენ ტაო-კლარჯეთში ან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი რეგიონთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანართი ტაო-კლარჯეთის დასახლებულ პუნქტებს ეხება. კატალოგს აგრეთვე ერთვის ვრცელი ბიბლიოგრაფია ტაო-კლარჯეთის რეგიონის ან მასთან მეტნაკლებად დაკავშირებული თემების შესახებ. კატალოგი დიდ დახმარებას გაუწევს ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ფილოლოგებს, სხვა სპეციალობის მეცნიერებსა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რეგიონის მდიდარი მემკვიდრეობით უბრალოდ დაინტერესებულ პირებს.