საგანმანათლებლო პროექტი "ჩემი კოლექცია"

პროექტის აქტუალურობა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად აღნიშნავს მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს და იკომის მიერ გამოცხადებული მთავარი გზავნილის საფუძველზე ამზადებს საგამოფენო-საგანმანათლებლო კვირეულს.
თანამედროვე სამუზეუმო განათლებაში სულ უფრო ფართოდ ინერგება ე.წ. „ღია სივრცის“ პრინციპი, როდესაც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი თუ ცალკეული ინდივიდები ერთვებიან სამუზეუმო სივრცის მუშაობაში და საკუთარი ძალებისა და შემოქმედებითი უნარის გამოვლენა შეუძლიათ სამუზეუმო სივრცეში. სწორედ ამ პრინციპის გამოყენებით შემუშავდა პროექტი „ჩემი კოლექცია“.
 
პროექტის მიზნები
  • ახალგაზრდებს  საშუალება მისცეს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები;
  • ახალგაზრდა თაობაში წაახალისოს სიძველეთა მოძიებისა და კვლევის  სურვილი;
  • ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ თავად გახდნენ სამუზეუმო საქმის მონაწილენი და ჩაერთონ გამოფენის მომზადებაში.
 
პროექტის სამიზნე აუდიტორია
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები;
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტები.
 
პროექტის მოკლე აღწერა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პროექტის ორგანიზატორები მოიძიებენ ინფორმაციას იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც გატაცებულნი არიან რაიმე სახის სიძველის კოლექციის შეგროვებით. მნიშვნელოვანია, რომ კოლექცია იყოს დაკავშირებული სიძველესთან (არა, მაგალითად: სათამაშოები, სამკაული, ბაფთები და სხვ.).  პროექტში მონაწილეობის მსურველები ჩაერთვებიან კონკურსში, მას შემდეგ, რაც მოკლე ინფორმაციას კოლექციის შესახებ და ამ კოლექციის ამსახველ ფოტომასალას ელექტრონული სახით მიაწვდიან  პროექტის ორგანიზატორებს. ამის საფუძველზე შეირჩევა 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს დაგეგმილი გამოფენის მონაწილე საუკეთესო კოლექციები.
მუზეუმის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში გამოფენა „ჩემი კოლექცია“ უმასპინძლებს მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფებს. გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციების ავტორებმა უნდა მოამზადონ თავისი კოლექციის შესახებ მცირე ლექცია-საუბარი მათი თანატოლებისათვის. საუბარში სასურველია აქცენტირებული იყოს: რატომ არის კონკრეტული კოლექცია გამორჩეული, რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის და საზოგადოებისთვის და სხვ. კოლექციის ავტორს სრული თავისუფლება აქვს კოლექციის პრეზენტაციის საკითხში: შეუძლია მოამზადოს პრეზენტაცია, ბანერი, მოიფიქროს ინტერაქტიური კითხვები აუდიტორიისათვის და სხვ.
პროექტში მონაწილეობის პროცედურები
პროექტში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდამ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე უნდა გამოაგზავნოს შემდეგი მონაცემები:
1. სახელი, გვარი, ასაკი;
2. სკოლა/უნივერსიტეტი;
3. საკონტაქტო ინფორმაცია (E-mail, მობილური ტელეფონის ნომერი);
4. მის მიერ შეგროვებული კოლექციის შესახებ მოკლე ინფორმაცია (მაქსიმალური მოცულობა 1 გვერდი);
5. კოლექციის ამსახველი 5 ფოტო.
 
პროექტის ჩატარების ვადები
23 მარტი-24 აპრილი – პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება ორგანიზატორებისათვის;
25 აპრილი-1 მაისი – პროექტის ორგანიზატორის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის მიერ საუკეთესო კოლექციების გამოვლენა და მათი ავტორების ინფორმირება (შედეგები გამოქვეყნდება ასევე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე);
3-8 მაისი – გამარჯვებულმა ახალგაზრდებმა გამოსაფენი კოლექცია უნდა წარმოადგინონ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
11-18 5 მაისი – საუკეთესო კოლექციების ავტორებთან თანამშრომლობით გამოფენის მომზადება, ამ ახალგაზრდების ჩართვა გამოფენის მზადების ყველა ეტაპზე;
18 მაისი – მუზეუმის საერთაშორისო დღეს ცენტრის საგამოფენო სივრცეში გაიმართება გამოფენა „ჩემი კოლექცია“. ღონისძიებაზე გამოვლინდება საუკეთესო კოლექციის მფლობელი. გამარჯვებულს და გამოფენაზე წარმოდგენილ ყველა მონაწილეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები.
 
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მერაბ ალექსიძის 1/3
გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი.
E-mail:  exb.edu@manuscript.ac.ge; nestan.bagauri@manuscript.ac.ge
ტელ.: 599 899 635; 599 899 637.