საგამოფენო-საგანმანათლებლო კონკურსი "დამწერლობის კიდობანი"

პროექტის ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი;
 
პროექტის სამიზნე აუდიტორია: თბილისში და დედაქალაქის მახლობლად არსებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელები და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები.
 
პროექტის მიზნები
  • ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაცია სამუზეუმო სივრცეში; მათი განათლების დონის ამაღლება და შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ქართული დამწერლობისა და ზოგადად დამწერლობის კულტურის პოპულარიზაცია; იმ გარემოების აქცენტირება, რომ ეს მემკვიდრეობა ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის კუთვნილებაა;
  • საერთაშორისო სამუზეუმო განათლების მეთოდოლოგიაში მიღებული პრაქტიკის, ე. წ. „ღია სივრცის“ პრინციპის დანერგვა ქართულ რეალობაში – სამუზეუმო სივრცისა, რომელიც ღიაა საზოგადოების სხვადასხვა წრისათვის, რათა წარმოაჩინოს თავისი შესაძებლობები.
 
პროექტის მოკლე აღწერა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის უდიდესი საცავია. სწორედ ცენტრის კოლექციებშია დაცული უნიკალური ქართული ანბანით შექმნილი დამწერლობის ნიმუშები.
ცენტრში ქართული ხელნაწერების გარდა დაცულია: ბერძნული, სომხური, არაბული, სპარსული, ებრაული, სირიული, მონღოლური, ლათინური და სხვა უცხოენოვანი ხელნაწერები. ეს გარემოება საშუალებას იძლევა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვიზიტორები გაეცნონ არა მხოლოდ ქართულ დამწერლობას, არამედ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დამწერლობის ნიმუშებს.
ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სთავაზობს საკონკურსო პროგრამას, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
თითოეულ ბავშვთა სახლში შეიქმნება ერთი ან რამდენიმე გუნდი. გუნდს შეუძლია შეარჩიოს სახელიც. თითოეული მათგანი შეარჩევს სამუშაო თემას, რომელიც დაკავშირებულია დამწერლობის თემატიკასთან (ქართული, ეგვიპტური იეროგლიფები, ლურსმული დამწერლობა, არაბული თუ ებრაული დამწერლობა, ზოგადად დამწერლობის კულტურა და სხვ.). გუნდს ეყოლება ლიდერი აღმზრდელის ან გუნდის წევრის სახით.
მას შემდეგ, რაც სამუშაო თემა შეირჩევა, გუნდი იწყებს მუშაობას ე. წ. „კიდობანის“ შექმნაზე. კიდობანი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: მოზრდილი ძველი ზარდახშა, ფეხსაცმლის ან ტექნიკის ყუთი, ფიცრებისაგან საგანგებოდ გაკეთებული მცირე კიდობანი და სხვ. ეს დამოკიდებულია გუნდის მოხერხებულობასა და ფანტაზიაზე. „ზარდახშა“ შეიძლება გაფორმდეს აპლიკაციით, ძველი ღილებით, ნახატებით, ნაწერებით, ძველი ქსოვილებით, თასმებით და სხვ.
შემდეგი ეტაპია შექმნილი კიდობანის შევსება: ჯგუფის წევრები მუშაობენ შერჩეული თემის ირგვლივ. თემის გაშლის საშუალება შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული: მაგ.: ერთიანი ხელნაწერი წიგნის შექმნა შერჩეული თემის ირგვლივ, ნაქარგი, ნაძერწი,  თიხის ფილაზე, თაბაშირზე, პლასტელინზე ან სხვა მასალაზე შესრულებული ნამუშევრები, აპლიკაცია, ნახატი, კონვერტში ჩამალული საიდუმლო ინფორმაცია დამწერლობაზე, ლეგენდა, ამბავი (თუნდაც შეთხზული) და სხვ.
 
პროექტის განხორციელების პროცედურები
  • პროექტი წერილობითი სახით ეგზავნება კონკურსში მონაწილე ბავშვთა სახლებს;
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მონაწილეთა ლიდერებს ან ჯგუფების სრულ შემადგენლობას შესთავაზებს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ლექცია-შეხვედრას, რომლის ორგანიზებაც მოხდება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; ცენტრის სპეციალისტები შესთავაზებენ მათ დახმარებას და კონსულტაციას: საჭიროების შემთხვევაში ლიტერატურის მიწოდებას, მუშაობის პროცესში წამოჭრილი კითხვების განხილვასა და მათზე ჯეროვანი პასუხის მოძიებას და სხვ.
  • პროექტში მონაწილე გუნდები მათ მიერ შექმნილ „დამწერლობის კიდობანს“ წარადგენენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში;
  • კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ აღნიშნული მასალის საფუძველზე მოეწყოს გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; ცენტრის ეზოში პარატა შემოქმედებისათვის მოეწყობა სადღესასწაულო გარემო, მათ ნამუშევრებს გაეცნობიან გამოფენის სტუმრები;
  • ყოველი ჯგუფის ლიდერი გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე წარადგენს მცირე პრეზენტაციას, როგორ იმუშავა გუნდმა „დამწერლობის კიდობანის“ შექმნაზე, რა შეიძინეს, რა სირთულეების შეხვდათ და სხვ;
  • გამოფენის დღეს გამოვლინდება კონკურსში მონაწილეთაგან საუკეთესო სამეული;
  • პროექტის მონაწილე ჯგუფებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები.
 
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგად მონაწილეები:
  • გაიგებენ უფრო მეტს ქათული და მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციების დამწერლობის ტრადიციის შესახებ;
  • საშუალება ექნებათ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იხილონ დამწერლობის სხვადახხვა ნიმუშების ორიგინალები;
  • შეძლებენ საკუთარი შრომისა და შემოქმედების შედეგი წარადგინონ გამოფენაზე;
  • შეძლებენ თავად ჩაერთონ გამოფენის მომზადების ყველა ეტაპში და ამით ეზიარონ სამუზეუმო ცხოვრების უცნობ დეტალებს.
 
 
პროექტის განხორციელების ვადები
  • პროექტის გამოცხადება: 23 მარტი;
  • პროექტში მონაწილე ჯგუფებისათვის ლექცია-შეხვედრა: აპრილის პირველი ნახევარი;
  • პროექტის ფარგლებში შექმნილი „დამწერლობის კიდობნების“ წარდგენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში: არაუგვიანეს 15 მაისისა;
  • გამოფენა: 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტი
exb.edu@manuscript.ac.ge
nestan.bagauri@manuscript.ac.ge
599 899 635