„საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“

2017 წლის 30 მარტს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. ღონისძიება გახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მან საქართველოსა და ევროპის მჭიდრო კავშირზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების, როგორც ქართულ-ევროპული მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დამადასტურებელი დოკუმენტების, უდიდესი მნიშვნელობა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გამოფენა საქართველოს ყველა რეგიონს მოივლის და გარდა ამისა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარედგინება საზოგადოებას. საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევის მიმართ იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.