წიგნის „დროსის წამების“ქართული თარგმანის პრეზენტაცია
2017 წლის 9 თებერვალს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა მანანა მაისურაძის წიგნის „დროსის წამების“ქართული თარგმანის პრეზენტაცია. მანანა მაისურაძის ნაშრომი „დროსის წამების“ ქართული ვერსია წარმოადგენს სირიულიდან ქართულ ენაზე არაუგვიანეს VIII საუკუნეში თარგმილ წამების ჟანრის აგიოგრაფიულ თხზულებას. ტექსტი შეიქმნა ბერძნულ ენაზე IV-V საუკუნეებში ანონიმი ავტორის მიერ. იგი დამყარებულია იოანე ოქროპირის ჰომილიასა და იოანე მოციქულის აპოკრიფულ აქტებზე. „წამების“ სირიელმა ავტორმა ბერძნული ტექსტი განავრცო და გაამდიდრა ახალი ცნობებით. ბერძნული ვერსია დღესდღეობით დაკარგულია, ამდენად, მისი სხვაენოვანი თარგმანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გამოცემას ახლავს გამოკვლევა, რომელშიც განხილულია როგორც ქართული ვერსიის, ასევე სირიული ტექსტის შემცველი ნუსხები, შესწავლილია დედნისა და მისი თარგმანის ურთიერთმიმართება, მათი ენობრივი თავისებურებანი. ტექსტს დართული აქვს ქართული და სირიულ-ქართული ლექსიკონები. ნაშრომი, რომელიც 1980 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის მაშინდელ ხელნაწერთა ინსტიტუტში აკადემიკოს კოტე წერეთლის ხელმძღვანელობით შეიქმნა, იმ პერიოდში გარკვეული მიზეზების გამო ვერ გამოქვეყნდა. ამჟამად მისი უცვლელი სახით გამოცემა მიეძღვნა გარდაცვილილი ავტორის, მანანა მაისურაძის (1947-2013) ხსოვნას.