მასალები ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისთვის
2017 წლის 10 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ივანე ჯავახიშვილის ალბომის – „მასალები ძველი ქართული სამართლისა და ეკონომიკის ტერმინოლოგიისთვის“ პრეზენტაცია. ალბომში შესულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის პირადი საარქივო ფონდის ის მასალა, რომელიც მოიცავს ძველი სამართლის, საეკლესიო სამართლის და ეკონომიკის ტერმინებს. აღნიშნული მასალა აქამდე გამოქვეყნებული არ ყოფილა. ტერმინები შედგენილია ივანე ჯავახიშვილის მიერ ისტორიულ საბუთებზე, წყაროებზე და ხელნაწერებზე დაყრდნობით. თითოეული ტერმინი დაწერილია ცალკეულ ბარათზე, წყაროს მითითებით. ალბომში შესულია 1845-მდე ტერმინი, რომლებიც დალაგებულია ანბანზე და მითითებული აქვს საარქივო ერთეულის ნომერი. ეს არის არქივის ნაწილის პუბლიკაცია იმ სახით, როგორც ის დაცულია ივანე ჯავახიშვილის პირად საარქივო ფონდში. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში, მსგავსი ტერმინების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ ალბომში შესულია მხოლოდ ის ბარათები, რომელიც უშუალოდ დიდი მეცნიერის ხელითაა დაწერილი. არსებული ალბომი მკვლევრებს გაუადვილებს ივანე ჯავახიშვილის პირად არქივში დაცულ მასალაზე წვდომას და ხელს შეუწყობს ძველი სამართლისა და ეკონომიკის ტერმინებზე მუშაობას. ვფიქრობ, ასეთი ალბომის გამოცემა სასარგებლოა არა მარტო მეცნიერ–მკვლევართათვის, არამედ დიდი მეცნიერის მოღვაწეობით დაინტერესებული საზოგადოებისათვის. გამოცემა მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის დაბადებინად 140–ე წლის იუბილეს. პროექტი განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ. ალბომის შექმნის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მალხაზ ბაძაღუა; ალბომის რედაქტორია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაალ აბაშიძე; ალბომის შედგენაზე იმუშავეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა მანუჩარ გუნცაძემ და მეცნიერ–თანამშრომელმა შორენა მურუსიძემ.