“გოგებაშვილის პედაგოგიკა – თანამედროვე გამოწვევები”
2016 წელს შესრულდა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” პირველი ბეჭდური გამოცემიდან (1876 წ.) 140 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ჩაატარა ახალგაზრდული კონფერენცია “გოგებაშვილის პედაგოგიკა – თანამედროვე გამოწვევები” . კონფერენცია 10 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა. გარდა ამისა გაიხსნა გამოფენა,რომელზეც წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივი. მისი ჩანაწერები, წერილები სხვადასხვა ნაშრომები და ა.შ. ასევე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ანიმაციური პროგრამა დედა ენის შესახებ, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით შექმნილ ანიმაციურ სიუჟეტს დედა ენისა და მისი ავტორის შესახებ. კონფერენციის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაესწრო. მან კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.