გამოფენა „უწყვეტი მრავალფეროვნება“
15 ნოემბერს 16:00 საათზე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულ არქივში გახსნა გამოფენა „უწყვეტი მრავალფეროვნება.“ გამოფენა მოეწყო კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს ეროვნულ არქივთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 70-მდე დოკუმენტი (დედნები და ასლები), რომლებიც საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავდა და წარმოაჩინა ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ასევე წარმოდგენილი იყო XVIII-XX საუკუნის ქართველ მწერალთა, საერო და სასულიერო მოღვაწეთა პირადი არქივები, პრესაში გამოქვეყნებული წერილები და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსონატების მნიშნველოვანი ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. X საუკუნის პარხლის მრავალთავი,რომელშიც შემონახულია „შუშანიკის წამების“ ხელნაწერი, XVII საუკუნეში ქართლის მეფის გიორგი XI-ის დაკვეთით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“; XVII საუკუნეში ქართლის მეფის, როსტომის მეუღლის, მარიამ დედოფლის დაკვეთით გადაწერილი „ქართლის ცხოვრება“; ლაილაშის ბიბლიის (X ს.) ასლი; მუსლიმური, სომხური, ლათინური, სირიული რელიგიური ტექსტები; „ვისრამიანი“ (XVIII საუკუნის ხელნაწერი) და სხვა. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia