ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
პროექტის დასახელება: ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“
დარგი და მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები, ქართველოლოგია
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ზაალ აბაშიძე
პროექტის შემსრულებლები: ზაალ აბაშიძე ირინა გოგონაია ზურაბ სამარღანიშვილი ვლადიმერ კეკელია შორენა მურუსიძე
დასრულებული პროექტის აღწერა და შედეგები:
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიური კვლევევების, ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის მდიდარი გამოცდილება აქვს. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ცენტრში აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი მკვლევარებისათვის გაზიარების შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენს. სკოლა ორიენტირებულია კონკრეტულ თემაზე – ქართული ხელნაწერი. სკოლის პროგრამა ისეა აგებული, რომ ხელი შეუწყოს მსმენელებს, გაიაზრონ ქართული ხელნაწერის შესწავლა, როგორც შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და კულტურული პრობლემატიკის კვლევა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა კონტექსტში. პროგრამის სტრუქტურა მოიცავს 6 მოდულის მიხედვით ლექციების ციკლს, რომლებშიც მოცემულია სისტემური ცოდნა ქართული ხელნაწერის შესახებ ინტერდისციპლინური კვლევების ასპექტში. მრავალმხრივ შინაარსთან ერთად საზაფხულო სკოლის პროგრამა გამოირჩევა მეთოდებისა და ორგანიზაციული ფორმების მრავალფეროვნებით. გარდა ტრადიციული ლექციებისა, პროგრამა მოიცავს გასვლით ლექციებს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდში, ბოლნისის სიონში, ატენის სიონში), დისკუსიებს, სამ ვორქშოფს – კალიგრაფიის, ქაღალდის შექმნის, დაზიანებული ფურცლის რესტავრაციის; ცენტრის კოლექციების დათვალიერებას, ინტერაქტიულ პროგრამას „როგორ ვიცავთ ხელნაწერ მემკვიდრეობას საქართველოში”, სკოლის პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტთა როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას და ყოველთვის მიმართულია ხელნაწერი მემკვიდრეობის აქტუალიზაციისაკენ. პროექტის მიღწევებად შეიძლება განვიხილოთ:
- პროგრამის ინტერდისციპლინური შინაარსი;
- სწავლების ტრადიციული მეთოდების გვერდით ინოვაციური მეთოდების დანერგვა;
- აკადემიური პერსონალის ინტერნაციონალური გუნდის ჩამოყალიბება;
- სკოლამ წაახალისა სტუდენტების/ახალგაზრდა მეცნიერების კვლევითი საქმიანობა იმ სფეროებში, რომლებიც შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პრიორიტეტულ კვლევით მიმართულებებს (ეს კარგად ჩანს მონაწილეების პრეზენტაციების თემატიკიდან);
- მსმენელებისათვის ცენტრის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა/გადაცემა (მონაწილეებისათვის სასაჩუქრედ გადაცემული ცენტრის მასალა);
- ხელნაწერი მემკვიდრეობის ერთობლივი სამეცნიერო კვლევების პერსპექტივა.