“სიმართლე თებერვალზე”
21 თებერვალს, 12:30 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა „სიმართლე თებერვალზე“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობები: გიორგი კვინიტაძის, თამარ და აკაკი პაპავების, ნინო და კალისტრატე სალიებისა და სხვა ემიგრანტულ არქივებში, ასევე პერიოდულ გამოცემებში დაცული მასალა 25 თებერვლის, საქართველოს ისტორიის ამ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის შესახებ. დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს: პირადი წერილები, შეფასებები ემიგრანტული პრესის ფურცლებზე, მოგონებები, საზოგადოებისათვის უცნობი აუდიომასალა – კარლო ინასარიძის არქივში დაცული რადიო “თავისუფლების“ ჩანაწერები 25 თებერვლის შესახებ, და სხვ. ღონისძიების ფარგლებში ისტორიის დოქტორმა ბექა კობახიძემ, (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო), ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე – „ საბჭოთა ოკუპაციის საერთაშორისო წინაპირობები“. მეორე ლექცია 24 თებერვალს გამოფენის დახურვის დღეს ჩატარდება. რუსუდან ნიშიანიძე ისაუბრებს XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოზე.