ალბომის ,,ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“ პრეზენტაცია
2015 წლის 15 მაისს, 15:30 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ,,უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)” და ალბომის ,,ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“ (ქართულად და ინგლისურად) პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები მოჭედილი ყდებით.
პროექტი 2014 წლიდან განხორციელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების მოჭედილი ყდების დეტალური შესწავლა და დაზიანებების დიაგნოსტიკა სამომავლო რესტავრაციისა და კონსერვაციის მიზნით. (XI-XIII სს მაგ: ბექა და ბეშქენ ოპიზრების მიერ მოჭედილი წყაროსთავისა და ბერთის ოთხთავები, ალავერდის, გელათის, მოქვის, ვარძიის, ბიჭვინთის სახარებები და სხვ.).
კვლევით პროცესში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ იტალიელი რესტავრატორი, ლითონის კონსერვაციის სპეციალისტი მარია კრისტინა პასერი და ქართველო გემოლოგი ია ახვლედიანი.
პროექტის განმავლობაში შესწავლილ იქნა 56 მოჭედილი ყდა, იდენტიფიკაცია ჩაუტარდა 919 თვალს, რომელიც საკვლევ ყდებს ამკობს, ყდების არქეოგრაფიკულ აღწერაში შევიდა მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია თვლების რაობის შესახებ, დადგინდა ყდების ქიმიური შემადგენლობა, განისაზღვრა დაზიანებული ჭედური ყდების კონსერვაციის მეთოდოლოგია სამომავლო სამუშაოების ჩასატარებლად. გამოიცა ორი ალბომი ,,ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც წარმოდგენილი ყდების აღწერა იძლევა მნიშვნელოვან მასალას ქართული ისტორიით, ხელნაწერი კულტურითა და გემოლოგიით (ძვირფასი ქვების კვლევა) დაინტერესებული მკითხველისათვის.
პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოში ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები და სხვა საპატიო სტუმრები.