თამარ მეფის პირადი სახარება ყდის რესტავრაციის შემდეგ

2015 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თამარ მეფის კუთვნილი ეგრეთ წოდებული ,,ვანის ოთხთავი“ ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგინა.

2014 წელს, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრის, ადვოკატ ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა ,,ვანის ოთხთავის’’ ყდის შეცვლა, ვინაიდან 70-იან წლებში არასწორი ტექნიკით შესრულებული ყდა იწვევდა ხელნაწერის დაზიანებას.

პრეზენტაციაზე ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში რამდენიმე საათით გამოიფინა ხელნაწერი და საზოგადოებას შესაძლებლობა ქონდა, ეხილა ყდის ძველი და ახალი მდგომარეობა, შეეფასებინა შესრულებული სამუშაო.

ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო’’ ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამაზ მარსაგიშვილი, კორძაძის საადვოკატო ბიუროს ხელმძღვანელი ზვიად კორძაძე, ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრები და სხვ.