ალბომის ,,ქართული ხელნაწერი” ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია

2015 წლის 11 მარტს, 13:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ალბომის “ქართული ხელნაწერი” ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია და წიგნში შესული ორიგინალი ხელნაწერების გამოფენა გაიმართა (ქართული ვერსიის პრეზენტაცია 2012 წლის დეკემბერში გაიმართა).

ალბომის როგორც ქართული, ასევე ინგლისური ვერსია დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წიგნი შედგა შოთა რუთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის “ქართული ხელნაწერი წიგნი (ვებ-გვერდის შექმნა)” საფუძველზე.

წინამდებარე ალბომში წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში (A, H, S, Q) დაცული V-XIX საუკუნეების ქართული ხელნაწერი წიგნები და უცხოეთის (სინას მთა, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო) ქართული კოლექციების ის ფოტომასალები, რომელთა გამოყენების უფლებასაც ფლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ალბომში შესული ადიშის ოთხთავის მხატვრული ასლი შესრულებულია ავტორთა მიერ შედგენილი აღწერილობისა და მითითებების საფუძველზე. ყველა ეს ხელნაწერი თვალნათლივ ასახავს წიგნის, როგორც კულტურულ-ისტორიული ფენომენის, წარმოშობისა და განვითარების ისტორიას.

ალბომი გამიზნულია ქართული წერილობითი კულტურის ისტორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გია შარვაშიძე, განათლების სამინისტროს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინე ჩიტაშვილი და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.