ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში
2015 წლის 25 თებერვალს ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ორგანიზებით ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიცია მიმდინარე წლის 3 მარტამდე გაგრძელდა.
გამოფენის ფინანსური მხარდამჭერი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო.
პროექტის ფარგლებში პირველი გამოფენა 2014 წლის 21–27 დეკემბერს ქალაქ კაიროში მამლუქ ამირ ალ–ტაზის ისტორიულ სასახლეში გაიმართა.
გამოფენის გახსნამდე ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ლექცია–პრეზენტაცია გამართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ თემაზე: ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა და დამწერლობა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმღვანელმა ალი მაჰერმა.
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქართულმა დამწერლობამ და საქართველოში დაცულმა არაბულმა ხელნაწერებმა, ასევე სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულმა ქართულმა კოლექციამ და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის კედელზე ქართული ასოების არსებობამ.
გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ალექსანდრიაში კულტურის სფეროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
გამოფენის გახსნის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ეგვიპტის მედია სივრცეში.